„პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა სამმა დეპუტატმა კონსტიტუციურ ცვლილებების პროექტს მხარი არ დაუჭირა

  17:51:50     26-09-2017

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა სამმა დეპუტატმა კონსტიტუციურ ცვლილებების პროექტს მხარი არ დაუჭირა.

ფრაქცია  „საქართველოს პატრიოტების“ წვერის ნატო ჩხეიძის განმარტებით, მას კონსტიტუციის პროექტისთვის ხმა არ მიუცია, თუმცა, სავარაუდოდ, ტექნიკური ხარვეზის გამო კენჭისყრის დროს მისი ხმა პროექტის მომხრეებს შორის დაფიქსირდა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მსგავსი ხარვეზები პარლამენტში ხშირად ხდება. 

„სხდომაზე 117 დეპუტატი იყო და ამდენივე დეპუტატმა მისცა ხმა კონსტიტუციის პროექტს, მაშინ, როდესაც მე, ადა მარშანიამ და ემზარ კვიციანმა ხმა წინააღმდეგ მივეცით. არ ვიცი რა მოხდა. ჩვენ მივეცით წინააღმდეგ ხმა, მაგრამ რატომღაც დაფიქსირდა სხვანაირად. 
ამ კონსტიტუციის პროექტის წინააღმდეგ გამოვდიოდით და მხარს რატომ დავუჭერდით?! ეს იყო ტექნიკური შეცდომა, რაც იშვიათად არა, მაგრამ ხდება ხოლმე“, - განაცხადა ნატო ჩხეიძემ. 

პარლამენტმა 117 ხმით 2-ის წინააღმდეგ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი დაამტკიცა.