„საქართველოს მისწრაფება ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში არ ქმნის საფრთხეს არც ერთი აქტორისათვის“

  16:24:59     26-09-2017

„საქართველოს მისწრაფება ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში არ ქმნის საფრთხეს აბსოლუტურად არც ერთი აქტორისათვის“,- ასე უპასუხა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა რუსეთის საგარეო უწყების განაცხადს.

ციხელაშვილის განცხადებით, თუ საუბარია დესტაბილიზაციის საფრთხესა და გამოწვევებზე სტაბილურობის თვალსაზრისით, ასეთ საფრთხეებს ქმნის, საუბედუროდ და სამწუხაროდ, რუსეთის მიერ საქართველოს განგრძობითი ოკუპაცია.

„რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, სამხედრო შენაერთების მუდმივი ზრდა, სამხედროების განლაგება, შეიარაღების დიდი მოცულობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე - სწორედ ესაა მთავარი გამოწვევა უსაფრთხოებისათვის, ესაა საქართველოს დემოკრატიული რეფორმის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზა და ამაზე არაერთხელ განგვიცხადებია ყველა ფორმატის ფარგლებში“, - განაცხადა ციხელაშვილმა. 

ასევე, მინისტრის განცხადებით, ძალის არგამოყენების ვალდებულების აღების აუცილებლობა, ნამდვილად არსებობს, ოღონდ არსებობს რუსეთის მხრიდან, რომელსაც, ციხელაშვილის თქმით,  არ გაუმყარებია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები. 

„რეალურად რუსეთი არის ის მხარე, რომელიც ფლობს ძალას და მან უნდა აიღოს ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება და ეს არის, რა თქმა უნდა, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხიც", - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა.