ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია სხდომათა დარბაზიდან გაიქცა

  16:12:34     26-09-2017

„ოპოზიცია სხდომათა დარბაზიდან გაიქცა - ისინი მართლა გაიქცნენ“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ტრიბუნიდან ირაკლი კობახიძე ოპოზიციონერი კოლეგების მიერ პლენარულ სხდომათა დარბაზის დატოვებას. 

მისივე თქმით, ბოიკოტი პოლიტიკური პროტესტის გამოხატვის მიღებული ფორმაა, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს არ არის ბოიკოტი, ეს ნამდვილად არის დარბაზიდან გაქცევა. 

„ეს ყველაფერი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიით დაიწყო, როდესაც ოპოზიცია გაიქცა დარბაზიდან მაშინ, როცა კანონპროექტი პროპორციული სისტემის ამოქმედებას 2020 წლიდან ითვალისწინებდა. დღეს ამბობენ, რომ ეს იყო კონსენსუსის მიღწევის მთავარი ქვაკუთხედი. თქვენ შეგიძლიათ განსაჯოთ ეს იყო ბოიკოტი, თუ ეს იყო გაქცევა. მეორედ ეს მოხდა აგვისტოში, როცა ჩვენ ოპოზიციას ელემენტარული რამ ვთხოვეთ - ჩამოეწერათ საკითხები, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაშიც ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერდნენ. ასეთი საკითხების ჩამონათვალი ჩვენ ოპოზიციამ არ წარმოგვიდგინა. ეს იყო დიალოგის მაგიდიდან გაქცევა. მესამე - დღეს ვხედავთ, რომ ოპოზიცია პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან გაიქცა. ამას აქვს მიზეზი - როცა ოპოზიცია სვამს კითხვებს, ეშინიათ პასუხის მოსმენა, დისკუსიაში შემოსვლა. მათ დიალოგში შემოსვლის არანაირი რესურსი არა აქვთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

პარლამენტის სხდომათა დარბაზი, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს, „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.