ჩეხეთის სამხედრო ატაშეებს შპიონაჟში ადანაშაულებენ
11:03:58     14-05-2011
კიევში, ჩეხეთის საელჩოს ორი სამხედრო ატაშე უკრაინაში პერსონა ნონ-გრატად გამოცხადდნენ. უკრაინული პრესის ინფორმაციით, საქმე ეხება ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს ატაშეს თავდაცვის საკითხებში, პოლკოვნიკ ზდენეკ კუბიჩეკს და ჩეხეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშეს უკრაინაში, მაიორ პიოტრ ნოვოტნს.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩეხი დიპლომატები თავიანთ სტატუსს და მდგომარეობას ისეთი ინფორმაციის მოსაპოვებლად იყენებდნენ, რომელიც ქვეყანაში სახელმწიფო საიდუმლოს წარმოადგენს.
ამასთანავე, შეტყობინებაში მითითებულია, რომ უკრაინისათვის ჩეხეთის რესპუბლიკასთან მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება ერთერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და კიევი იმედს იტოვებს, რომ მსგავსი ინციდენტები აღარ გამეორდება.
სამინისტროს საინფორმაციო დეპარტამენტის დირექტორის ცნობით, ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს. “ისინი სამხედრო ატაშეები არიან, ერთი პოლკოვნიკია, მეორე – მაიორი, რომლებიც დიპლომატიური აკრედიტაციით სარგებლობდნენ” – აღნიშნა მან. დირექტორმა დააზუსტა, რომ ჩეხები ავიაციასთან დაკავშირებული ინფორმაციების მოძიებას ცდილობდნენ.