რუსეთის საგარეო უწყება: NATO-ს გააქტიურება ამიერკავკასიაში დესტაბილიზაციის საფრთხეს აჩენს

  14:46:33     26-09-2017

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამიერკავკასიაში NATO-ს გააქტიურების გამო, შეშფოთებას გამოთქვამს. 

რუსეთის საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ საქართველოში გრძელდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურის დისლოცირება, იმართება წვრთნები, ხდება NATO-ს სამხედრო სტანდარტების და მათ მართვის სისტემის დანერგვა. 

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, ჩრდილოატალანტიკური ალიანსის ამიერკავკასიაში გააქტიურებასთან დაკავშირებული საფრთხის შესახებ, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე გრიგორი კარასინმა ისაუბრა. შეხვედრას ესწრებოდნენ გაერო-ს წარმომადგენელი ანტი ტურუნენი და ეუთო-ს სპეცწარმომადგენელი გიუნტერ ბეხლერი.

„NATO-ს გააქტიურება ამიერკავკასიაში სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხეს აჩენს და ემუქრება რუსეთის ფედერციის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოებას“, - განაცხადეს რუსეთის საგარეო უწყებაში.

როგორც კარასინმა განმარტა, ასეთ სიტუაციაში ჩნდება აუცილებლობა, თბილისსა და თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდეს.