ერაყიდან ქურთისტანის გამოყოფის შესახებ რეფერენდუმს მსოფლიოს მასშტაბით ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს

  10:26:48     26-09-2017

ერაყის ქურთისტანის ავტონომიური რეგიონის ცენტრში, ქალაქ ერბილში მცხოვრები ქურთები დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას ზეიმობენ.

მოსახლეობა ქუჩებში გავიდა ქურთებით დასახლებულ სხვა ქალაქებშიც. წინასწარი შედეგები ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა როგორც მოსალოდნელია, რეფერენდუმის მონაწილეთა უმრავლესობა ქურთისტანის დამოუკიდებლობას მხარს დაუჭერს.

რეფერენდუმის მიმდინარეობისას ამომრჩეველთა აქტივობამ 72,16% შეადგინა. მაღალი აქტივობის გამო, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცედურა ერთი საათით გახანგრძლივდა.

ერაყის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ამომრჩევლების ხმის მიცემა სპეციალურ ვებგვერდზე შეეძლოთ. ხმის მიცემის უფლება ქურთისტანის ავტონომიაში, ასევე ერაყის ხელისუფლებასა და ქურთებს შორის სადავო ტერიტორიებზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს ჰქონდათ - სულ ხუთ მილიონზე მეტ ამომრჩეველს.

ერაყის ხელისუფლება რეფერენდუმს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს და მის შედეგებს არ აღიარებს. რეფერენდუმის წინასწარი შედეგების გამოცხადებამდე ერაყის მთავრობამ ქურთებთან სადავო რეგიონებში სამხედრო დანაყოფები განათავსა.

რეფერენდუმს მსოფლიოს მასშტაბით ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. უპირველეს ყოვლისა ოფიციალური ბაღდადი ეწინააღმდეგება და ხმის მიცემას არაკანონიერად მიიჩნევს.ქურთისტანის რეგიონის ერაყისგან გამოყოფას უარყოფითად აფასებს გაეროც.
არც ოფიციალური ვაშინგტონი ემხრობა აღნიშნულ საკითხს, თეთრი სახლის ცნობით, აშშ „ერთიანი ერაყის მომხრეა“.