სოფო კილაძე: არ მახსოვს არცერთი შემთხვევა ”ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტის დროს, რომ მინისტრები მოსულიყვნენ და ჩაებარებინათ ანგარიში

  13:45:16     25-09-2017

"რატომღაც არ მახსოვს არც ერთი შემთხვევა ”ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტის დროს, რომ მინისტრები მოსულიყვნენ პარლამენტში და ანგარიში ჩაებარებინათ".

ასე უპასუხა უმრავლესობის წევრმა სოფო კილაძემ  "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის"  წარმომადგენლების მხრიდან  საგარეო საქმეთა მინისტრის კრიტიკას პარლამენტში მიუსვლელობის გამო. 

სოფო კილაძის თქმით, ”ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან საყვედურები, რომ თითქოს არ მოდის არავინ პარლამენტში, მგონი ძალიან დიდი ტყუილია.

”ძალიან კარგი ტრადიცია დამკვიდრდა, რომ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები მობრძანდებიან და საუბრობენ სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე. პარლამენტის წევრებს და საზოგადოების წარმომადგენლებს აქვთ სრული შესაძლებლობა კითხვები დასვან და პასუხები მიიღონ. მე თუ მეხსიერება არ მღალატობს, უკვე მეორედ ვხედავ მიხეილ ჯანელიძეს საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში. მე რატომღაც არ მახსოვს არც ერთი შემთხვევა ”ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტის დროს, რომ მინისტრები ასე მოსულიყვნენ და ჩაებარებინათ ანგარიში პარლამენტისთვის. ”ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან საყვედურები, რომ თითქოს არ მოდის არავინ პარლამენტში, მგონი, ძალიან დიდი ტყუილია”, - განაცხადა კილაძემ დიასპორის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრს უსმენენ. 

რაც შეეხება რუსეთის საკითხებზე ოპოზიციის კრიტიკას, სოფო კილაძის თქმით, ეს კრიტიკა ”ევროპული საქართველოსგან” და ”ნაციონალური მოძრაობისგან” გაოცებას იწვევს.