იოსებ პილსუდსკი და "სასწაული" ვისლასთან

  13:52:10     13-05-2011

1935 წლის 12 მაისს გარდაიცვალა ლეგენდარული პოლონელი იოსებ (იოზეფ) პილსუდსკი (Józef Klemens Piłsudski).

გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე მას უთქვამს, დაახლოებით ასეთი რამ, რა ეშველება ჩემს პოლონეთს, მალე დაიწყება დიდი მსოფლიო კრიზისი და ესენი ჩემს პოლონეთს დაღუპავენო. მისი სიტყვები გამართლდა, ოთხიოდე წლის მერე დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. ამ ომის დაწყებისას პოლონეთი მთლად შუაგულში იყო მოვლენებისა. 1939 წლის 1 სექტემბერს გერმანია თავს დაესხა პოლონეთს.

 

ძნელი სათქმელია, პილსუდსკი რომ ცოცხალი ყოფილიყო, მოახერხებდა თუ არა პოლონეთი ისეთ მანევრს, რომ არ ჩავარდნოდა ხახაში არც საბჭოთა კავშირს და არც გერმანიას. მოახერხებდა თუ არა, რომ არ დადებულიყო რობენტროპ-მოლოტოვის საიდუმლო შეთანხმება. ძნელი სათქმელია, თუმცა, ფაქტია, რომ პილსუდსკი ახერხებდა დიპლომატიურ სვლებს და რაც მთავარია, ის ახერხებდა პოლონეთის მობილიზებას. 1932 და 1934 წლებში დადო კიდეც ხელშეკრულებები სსრკ-სთან და გერმანიასთან, თან მოკავშირეებს ეძებდა.

 

იოსებ პილსუდსკის შესახებ ძალიან ბევრი რამის თქმა შეიძლება. ის იყო პირველი მეთაური პოლონეთის სახელმწიფოსი, დამაარსებელი პოლონეთის არმიისა, პოლონეთის მარშალი და სხვა. მაგრამ ეს ყველაფერი ვერ გამოხატავს იმას, რაც იყო იოსებ პილსუდსკი პოლონეთისათვის. ჰქონდა რამდენიმე მეტსახელი: კომენდანტი (Комендант), მარშალი (Marszałek), პაპა (Dziadek).  

 

იოსებ პილსუდსკი დაიბადა 1867 წლის 5 დეკემბერს ქალაქ ვილნოსთან (ვილნიუსი) ახლოს, სოფელ ჟულოკში. იყო დრო, პოლონეთი და ლიტვა ერთ სახელმწიფოდ იყო გაერთიანებული - რეჩ პოსპოლიტა (Rzeczpospolita), 1569-1795 წლებში პოლონეთ-ლიტვის ფედერაციული სახელმწიფო. პირველი რეჩ პოსპოლიტა ერთგვარი რესპუბლიკა იყო. ძალაუფლება ჰქონდა შლიახტას, შლიახტის დემოკრატიას, სადაც მეფე არჩეული იყო და მის ნიჭზე ან უნიჭობაზე არ იყო დამოკიდებული ქვეყნის ბედი. სწორედ შლიახტის წარმომადგენელი გახლდათ პილსუდსკების ოჯახი. ვინმემ რომ არ დაგვწამოს არისტოკრატიის ქება, უნდა ითქვას, რომ, როცა სხვა ქვეყნების არისტოკრატები ფუფუნებაში და დროსტარებაში იყვნენ, პოლონელების შლიახტის უდიდესი ნაწილი სამშობლოს ეწირებოდა. დიდი ბრძოლები გადაიხადა უბრალი პოლონელმა ხალხმა და მისმა შლიახტამ, მაგრამ რამდენიმე ფრონტზე შეტევას ვეღარ გაუძლო რეჩ პოსპოლიტამ და 1795 წელს საბოლოოდ გაიყვეს და მისი სახელმწიფოებრიობა გააუქმეს.

 

სწორედ იოსებ პილსუდსკი იყო ის კაცი, რომელმაც თანამებრძოლებთან ერთად მოახერხა და აღადგინა რეჩ პოსპოლიტა (მეორე რეჩ-პოსპოლიტა) 1918 წელს.

 

პილსუდსკები პატრიოტები იყვნენ. მამა 1863 წლის აჯანყების ერთ-ერთი აქტივისტი გახლდათ. პოლონეთის მარშალი მერე წერდა: "დედა ბავშვობიდან წვრთნიდა ჩვენში აზრების დამოუკიდებლობას და აღვივებდა პირადული ღირსების გრძნობებს, რომლებმაც შემდეგი სახე მიიღეს ჩემს აზროვნებაში: მხოლოდ ის არის ადამიანი, რომელსაც აქვს გარკვეული რწმენა და მიუხედავად შედეგისა, შეძლებს ამ რწმენის საქმედ აღიარებას". სწავლობდა ვილნოს გიმნაზიაში. შემდეგ ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. მან და მისმა ძმამ, ბრონისლავმა  შექმნეს საიდუმლო ორგანიზაცია "კავშირი".

 

პოლიტიკური პრობლემები შეურიგებელ პოლონელს უკვე გიმნაზიიდან ჰქონდა. 1886 წელს ხარკოვში სწავლისას დემონსტრაციის მოწყობისათვის სწავლის უფლება ჩამოართვეს და ხარკოვიდან გააძევეს ადმინისტრაციული წესით. პილსუდსკების საიდუმლო "კავშირს" ურთიერთობა ჰქონდა რუსულ ანტიმონარქისტულ ორგანიზაციასთან "ხალხის ნება" (Народная воля). ნაროდავოლცები პოლიტიკური მოქმედების მთავარ საშუალებად ტერორს მიიჩნევდნენ. 1881 წელს ამ ორგანიზაციამ მოახერხა და მოკლა რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე II. მერე სხვა ტერორისტული აქტებიც მოაწყვეს. 1887 წელს დააპატიმრეს ახალი ჯგუფი ამ მიმართულებისა, რომელშიც იყვნენ ალექსანდრე ულიანოვი, პეტრე შევირიოვი, პახომე ანდრიუშკინი, ვასილი გენერალოვი, ვასილი ოსიპანოვი და პილსუდსკის ძმა ბრონისლავი. მათ უნდოდათ იმპერატორ ალექსანდრე III მოკვლა. ბრონისლავს დაუმხადებია ბომბი და გადაუცია ალექსანდრე ულიანოვისთვის.

 

იოსებ პილსუდსკიც დააპატიმრეს და 5 წლით ციმბირში გადაასახლეს. მისი ძმას ბრონისლავს, ალექსანდრე ულიანოვს და სხვებს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, თუმცა მერე იმპერატორმა ბრონისლავი შეიწყალა და განაჩენი 15 წლიანი კატორღით შეუცვალა.

 

იოსებს ციმბირში ნახევარი წელი კიდევ დაუმატეს. 1892 წელს დაბრუნდა ვილნოში და შევიდა პოლონეთის სოციალისტურ პარტიაში, ლიტვის სექციაში. გახდა ცენტრალური კომიტეტის წევრი და გაზეთ "მუშას" (Robotnik) მთავარი რედაქტორი. 1896 წელს მონაწილეობა მიიღო II ინტერნაციონალის მუშაობაში, ლონდონში. 1900 წელს გამომცემლობა დააპატიმრეს, დაიჭირეს პილსუდსკიც. გაამწესეს სულით ავადმყოფთა დაწესებულებაში, პეტერბურგში. 1901 წელს გამოიქცა.

 

იოსებ პილსუდსკი მივიდა დასკვნამდე, რომ უნდა შეექმნა სამხედრო დაჯგუფებები. დაიწყო პარტიის განმტკიცებაც. 1902 წელს გამოსცა გაზეთი "ბრძოლა" (Walka). 1904-1905 წლებში, რუსეთ-იაპონიის ომის დროს, ისევე როგორც ქართველი პატრიოტები, დაუკავშირდა იაპონიის მთავრობას. ცდილობდა მიეღო დახმარება პოლონეთის აჯანყებისთვის.

 

შექმნა სამხედრო დაჯგუფებები, რომლის დაფინანსებისათვის ძარცვავდნენ ბანკებს და საბანკო მატარებლებს. ამზადებდნენ ოფიცრებს და მებრძოლებს პოლონეთის მომავალი ჯარისთვის. ავსტრია-უნგრეთი რუსეთის მტერი იყო, კარგად გამოიყენა ავსტრიული ფაქტორიც. მოახერხა და ჩამოაყალიბა პოლონური ლეგიონი, რომლის მეთაურიც გახდა და ებრძოდა რუსებს ავსტრიელებთან ერთად. 1914 წელს შევიდა ვარშავაში და ეროვნული მთავრობის სახელით მოწოდება გაავრცელა. იმავე წელს მისი ინიციატივით ყოფილი რეჩ პოსპოლიტას მთელ ტერიტორიაზე შეიქმნა პოლონეთის სამხედრო ორგანიზაცია. უარი თქვა დროებით სახელმწიფო საბჭოსთან თანამშრომლობაზე, რომელიც გერმანული მთავრობის დახმარებით არსებობდა და გასცა განკარგულება, პოლონელ ჯარისკაცებს არ დაედოთ ფიცი გერმანიისა და ავსტრია-უნგრეთის ერთგულებაზე. ის დააპატიმრეს. გამოკეტეს მაგდებურგის ციხეში (გაიხსენეთ ეს ციხე? იქ ხომ დავით გურამიშვილი იყო ტყვედ). მაგრამ, იმდენად პოპულარული იყო პოლონეთში, რომ გაათავისუფლეს, მიუხედავად იმისა, რომ ხელი არ მოაწერა გერმანიისა და ავსტრია-უნგრეთის სახელმწიფოებთან რაიმე დათმობებზე. 1918 წლის 8 ნოემბერს ის ტრიუმფით დაუბრუნდა თავისი ქვეყნის დედაქალაქს, ვარშავას. შეადგინა მთავრობა. 1919 წელს დამფუძნებელმა სეიმმა ცნო მისი განსაკუთრებული ძალაუფლება, როგორც სახელმწიფოს მეთაურისა.

 

1919 წელს დაიწყო საბჭოთა რუსეთისა და პოლონეთის ომი. თავიდან პილსუდსკიმ მოახერხა და წითელ არმიას წაართვა ვილნო, მერე მინსკი, მერე კიევი. თუმცა, შემდეგ მოუწიათ უკან დახევა და ამ ქალაქების დატოვება. სახელგანთქმული ტუხაჩევსკის მრავალრიცხოვანი წითელი არმია დაიძრა ვარშავისაკენ. მაგრამ, პილსუდსკის ძლიერი დაზვერვა და კონტდაზვერვა ჰყავდა ჩამოყალიბებული (იან კოვალევსკის მეთაურობით). დაზვერვისა და კონტდაზვერვის მონაცემები მშვენივრად გამოიყენა პოლონეთის არმიამ, პილსუდსკის კარგი გეგმით გმირმა პოლონელებმა სასწაული მოახდინეს და 1020 წლის 13-25 აგვისტოს მდინარე ვისლასთან ტუხაჩევსკის არმია გაანადგურეს.

 

პილსუდსკის ჰქონდა ოცნება ერთ ფედერაციულ სახელმწიფოში გაეერთიანებინა პოლონეთი, უკრაინა, ბელორუსია და ლიტვა, მაგრამ ვეღარ შეძლო. მხოლოდ ბელორუსის და უკრაინის რაღაც ნაწილი გამოსტაცა კომუნისტებს. 1920-1921 წლებში დაიდო საზავო ხელშეკრულება პოლონეთსა და საბჭოთა რუსეთს შორის და ომი შეწყდა. მართალია, კარგი იქნებოდა პოლონეთს, უკრაინას და ბელორუსიას დიდი ფედერაცია ჰქონოდათ. ჰიტლერი და სტალინი ასე ადვილად ვერ შეძლებდნენ მერე ტერიტორიების გაყოფას, მაგრამ, რაც შეძლო პილსუდსკიმ, ერთი ადამიანის შესაძლებლობას აღემატება.

 

ამის მერეც, მარშალი პილსუდსკი სიკვდილამდე განსაკუთრებულ როლს ასრულებდა პოლონეთის სახელმწიფოში.