გვანცა ყუფარაძე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას ნონა წოწორიასა და თამარ ალანიას გავლენას უკავშირებს

  17:01:21     22-09-2017

გვანცა ყუფარაძე სტრასბურგის ევროპული სასამართლოს მიერ მის საქმესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს.  ვიდეომიმართვაში, რომელიც მან დღეს გაავრცელა, აღნიშნულია, რომ სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ევროპულ სასამართლოში საქართველოს წარმომადგენლის, ნონა წოწორიას ზეგავლენითაა მიღებული. 

„არ ვაპირებ გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას, რადგან ეს აბსოლუტურად მიუღებლად და დამამცირებლად მიმაჩნია. როდესაც მე ვიყენებდი ყველა სამართლებრივ შესაძლებლობას, ბერკეტს, რომ ჩემი სიმართლე დამემტკიცებინა, ჩემი სწორება და მიზანი სტრასბურგის სასამართლოზე იყო. აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ ეს იქნებოდა უპრეცედენტო გადაწყვეტილება. მე ამას ჩემი ცხოვრების ნახევარი მივუძღვენი და აღმოჩნდა, რომ ეს ყოველივე ტყუილია, აბსოლუტური სისულელეა“, – აღნიშნავს მიმართვაში ყუფარაძე. 

ამავე მიმართვაში გვანცა ყუფარაძე ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლო ზეგავლენის ქვეშ მოექცა. 

„ფაქტია, რომ ისევე შეიძლება სტრასბურგის სასამართლოს ზეგავლენის ქვეშ მოქცევა, როგორც ქართული სასამართლოს დაქვემდებარება. მქონდა არაერთი ინფორმაცია სანდო წყაროსგან, რომ სტრასბურგის სასამართლოში მყოფ ნონა წოწორიასა და ძველი სახელისუფლებო რეჟიმის წარმომადგენლებს შორის არსებობდა მჭიდრო თანამშრომლობა და მაფრთხილებდნენ, რომ წოწორიასა და ალანიას შორის არსებობდა კავშირები, ამიტომ იბრძოდა ასე ჯიუტად თამარ ალანია საქართველოში მიმდინარე შესარჩევ ეტაპში გასვლისათვის, რადგან თუ ის ამას მოახერხებდა, ჰქონდა გარანტია, სტრასბურგში მას აირჩევდნენ. მე არ მჯეროდა, რომ შესაძლებელია ასეთი დონის ინსტიტუციის გავლენის ქვეშ მოქცევა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, რეალობა სხვაგვარია“, – აცხადებს ყუფარაძე.