რატომ არის მექსიკა ყველაზე საშიში ადგილი მიწისძვრისთვის?

  16:10:58     21-09-2017

მექსიკა მსოფლიოს სამი უდიდესი ტექტონიკური ფილის თავზე მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკის ფილა, ქოქოსის ფილა და წყნარი ოკეანის ფილა.

როდესაც დედამიწის ქერქის ეს მონაკვეთები ერთმანეთს ეხახუნება და გადაადგილდება, ხდება მიწისძვრა. მეხიკო დამშრალი ტბის ფსკერზეა გაშენებული და შესაბამისად, ნიადაგი რბილია, რაც ბიძგებს კიდევ უფრო აძლიერებს და ხშირად, პატარა მიწისძვრაც კი, ქალაქში ძლიერ იგრძნობა.

ქალაქ რაბოსოს სიახლოვეს მომხდარ 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას ორი კვირით ადრე წინ უძღვოდა უფრო ძლიერი, 8,1 მაგნიტუდის ბიძგები, რომელმაც ქვეყანა შეარყია. აღსანიშნავია, რომ ზუსტად 32 წლის წინ, ზუსტად ამავე დღეს, 1985 წლის 19 სექტემბერს, მეხიკოში 8,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რასაც მაშინ 10 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მექსიკა სეისმურად ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ქვეყანაა მთელ მსოფლიოში. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მხოლოდ გასულ საუკუნეში, გუშინდელი მიწისძვრის ეპიცენტრიდან 250 კმ რადიუსში 19 ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა მექსიკის ერთადერთი ბუნებრივი საფრთხე არაა, რეგიონში ხშირია ვულკანური ამოფრქვევებიც.

2 დღის წინ მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრიდან სამხრეთით, 1928 წელს და 2005 წელს, ორი უმძლავრესი ვულკანი ამოიფრქვა- ელ-ჩიჩონი და კოლიმა.

მეხიკოს სამხრეთ-აღმოსავლეთით კიდევ ორი აქტიური ვულკანია -პოპოკატეპეტლი და ისტაქსიუატლი დროგამოშვებით ამოაფრქვევენ კვამლსა და გაზებს.

მექხიკოს უდიდესი ნაწილი გაშენებულია დამშრალი ტბის — ტესკოკოს ფსკერზე; შესაბამისად, ნიადაგი რბილია და მიწისძვრის ეფექტებიც გაცილებით დიდი; მრავალ ადგილას შეინიშნება ქანების თვალშისაცემი დაწევა. ტესკოკოს ტბის შუაგულში მდებარე კუნძულზე გაშენებული იყო აცტეკების იმპერიის დედაქალაქი ტენოჩტიტლანი, რომელიც მე-16 საუკუნეში ესპანელმა დამპყრობლებმა გაანადგურეს, ტბა დააშრეს და ტენოჩტიტლანის ადგილას თანამედროვე მეხიკო გააშენეს.

1985 წლის მიწისძვრის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ ეპიცენტრის სიახლოვეს, მიწისძვრა თითქმის 500%-ით ძლიერი იყო იმ რეგიონებში, სადაც ნიადაგი რბილია. მას შემდეგ, სამომავლო რისკების მართვის მიზნით, ქალაქმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. მაგალითად, განახლდა დედაქალაქის სიახლოვეს მშენებლობის წესი და ამოქმედდა მიწისძვრის ადრეული გაფრთხილების სისტემა. მიუხედავად ამისა, ქვეყნის დიდ ნაწილში ინფრასტრუქტურა ჯერაც არაა უსაფრთხო.