"პრეზიდენტმა კონსტიტუციის ნორმები დაარღვია"

  17:00:40     20-09-2017

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტი პარლამენტის საქმიანობაში შეჭრასა და კონსტიტუციის ნორმების დარღვევაში დაადანაშაულა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, საკონსტიტუციო პროცესთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილის გუშინდელი განცხადება იურიდიულად გაუმართავი და გაუმართლებელია, რადგან პრეზიდენტი პირდაპირ იჭრება კანონმდებელი ორგანოს კომპეტენციაში პარალელური კომისიის შექმნით მაშინ, როცა თვითონ პროექტი, რომელიც კომისიაში იყო დამუშავებული, გასულია ორი მოსმენით და ელოდება მესამე მოსმენით მიღებას.

" პრეზიდენტი პარლამენტის კონკურენტად გვევლინება, რაც საკმაოდ უცნაურია იმ პირისგან, რომლის პირველი მოვალეობა სწორედ კონსტიტუციის დაცვაა. ამ დროს ის პირდაპირ არღვევს მის მიმართ დადგენილ კონსტიტუციის ნორმებს. ჩემთვის უცნაური არის ის, რომ ფაქტობრივი უზუსტობებიც არის მის განცხადებაში, როდესაც ის აცადებს, რომ „ოცნების“ მომზადებული ტექსტი არის. მე ვესწრებოდი კომისიის სხდომებს, მასში ძალიან აქტიურად მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები, არსებული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ვიდრე ბოიკოტს არ გამოაცხადებდნენ; დამოუკიდებელი დეპუტატიც მონაწილეობდა. ეს ყველაფერი თურმე არაფრად ითვლება და „ოცნების“ პროექტია. სამწუხაროდ, ზოგჯერ უმრავლესობის წარმომადგენლებსაც ეშლებათ და ამბობენ, რომ ეს არის „ოცნების“ პროექტი. მე მგონი, ყველაფერი ძალიან ზუსტად უნდა იყოს ნათქვამი. ეს არის პარლამენტში შემუშავებული პროექტი, რომელმაც გაიარა და დამტკიცდა ორი მოსმენით და იმედი მაქვს, მალე მესამე მოსმენით დამტკიცდება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ „პრეზიდენტი ბოლომდე ჩაძირულია პოლიტიკურ თამაშებში“.