"პრეზიდენტისა და ოპოზიციის მიერ მომზადებული დოკუმენტი პიარკამპანიაა"

  14:05:05     20-09-2017

"პრეზიდენტისა და ოპოზიციის მიერ მომზადებული დოკუმენტი პიარკამპანიაა იმ კონსტიტუციის წინააღმდეგ, რომელმაც პროგრესი უნდა უზრუნველყოს".

ამის შესახებ ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ახალი კონსტიტუციის მიღებისთვის დარჩენილია მესამე მოსმენა, სადაც მხოლოდ რედაქციული სახის შენიშვნების გამოთქმის საშუალება იქნება.

"კონსენსუსის შემთხვევაში, საუბარი იყო გარკვეულ დათქმებსა და იურიდიულ მექანიზმებზე. ისიც ვიცით, რომ ორი-სამი თვის განმავლობაში პასუხის გაუცემლობა, რაც ჩვენმა ოპონენტებმა უზრუნველყვეს, ის არის, რომ კონსენსუსი არ შემდგარიყო. აქედან გამომდინარე, ჩვენს დაპირებას, რომ კონსტიტუცია შეიცვლებოდა და ბუნებრივია, დადებითად შეიცვლებოდა, აუცილებლად შევასრულებთ"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ოპოზიცია მმართველ გუნდს შეთანხმებას ხუთ საკითხზე სთავაზობს, მათ შორის: საარჩევნო ბარიერის დაწევაზე, პროპორციული სისტემის ამოქმედებაზე, პრეზიდენტის არჩევის წესსა და პარლამენტის როლის გაძლიერებაზე.