კოსოვოს ომის დამნაშავეები ტრიბუნალზე

  10:56:10     13-05-2011

ცნობილი კოსოვოელი პოლიტიკოსი, კოსოვოს ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის ყოფილი მინისტრი ფატმირ ლიმაი 22 მაისს პროკურატურაში უნდა გამოცხადდეს, როგორც სამხედრო დანაშაულებში ეჭვმიტანილი პირი. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი “ზერი” ავრცელებს.

ლიმაი, ათ სხვა პირთან ერთად, სამხედრო დანაშაულებში იმხილება, რომელიც სოფელ კლეჩკაში, კოსოვოს 1998-99 წლებში, სერბების წინააღმდეგ იქნა ჩადენილი. გამოძიებას ევროკავშირის სპეციალური მისია აწარმოებს. ამ საქმის მონაწილეთა უმრავლესობა პატიმრობაში 2011 წლის მარტიდან იმყოფება. ლიმაი დეპუტატის იმუნიტეტით სარგებლობს და ამჟამად მისი დაპატიმრება ვერ ხერხდება.

 

ლიმაი და სხვა ეჭვმიტანილები თავდასხმებში, მკვლელობებში, ტერორისტულ აქტებში და სხვა ძალადობრივ ქმედებებში იმხილებიან, რომელიც მათ სერბი სამხედრო და სამოქალაქო პირების მიმართ განახორციელეს.

 

აღსანიშნავია, რომ ლიმაის 2005 წელს საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალმა სამხედრო დანაშაულებების ბრალდებები მოუხსნა, თუმცა ახლა, როგორც ჩანს, ვითარება შეიცვალა და კოსოვოელ პოლიტიკოსს მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა კვლავ მოელის.