მარიკა დათუკიშვილის განცხადებით, „ქართუ ბანკთან“ აქციაზე უცნობმა მამაკაცმა სახეში ხელი გაარტყა

  13:06:34     19-09-2017

თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატის, მარიკა დათუკიშვილის განცხადებით, ვაკეში, „ქართუ ბანკთან“ მიმდინარე აქციაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

დათუკიშვილი აცხადებს, რომ უცნობმა პირმა სახეში ხელი გაარტყა. ის პოლიციისგან აღნიშნული პირის იდენტიფიცირებას ითხოვს.

„მე აუცილებლად მოვახდენ ამ ადამიანის იდენტიფიცირებას. წესრიგის დამცველი, რომელიც წესრიგის დამრღვევად იქცა, აუცილებლად გისოსებს მიღმა აღმოჩნდება. მე ვერ გეტყვით, ვინ იყო ის. არსებობს ვიდეოკადრები, რომლითაც მისი იდენტიფიცირება შეიძლება“, - განაცხადა მარიკა დათუკიშვილმა.

რაც შეეხება აქციას, „ქართუ ბანკთან“ ის ამ დროისთვის დასრულებულია, თუმცა აქციის მონაწილეები დათუკაშვილის განცხადების გამო, ტერიტორიას ჯერ არ ტოვებენ.