ოთარ აბესაძის ადვოკატმა დღევანდელ პროცესზე შეიძლება მისი გათავისუფლება მოითხოვოს

  10:18:51     19-09-2017

თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანის ოთარ აბესაძის სასამართლო პროცესი დღეს განახლდება. პროცესზე  მხარეები შესავალ სიტყვას იტყვიან. ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დაცვის მხარემ სასამრთლო ექსპერტიზა დანიშნა. 

იმ შემთხვევაში თუ ბრალდებულის  ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება, ადვოკატი ირმა ჭკადუა სასამართლო პროცესზე შუამდგომლობის სახით არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებას მოითხოვს.  

„ექსპერტიზა უკვე დანიშნულია. ველოდებით, როდის ჩაუტარდება მას კვლევები. თუ დასკვნა გვექნება, ჩვენ ვიშუამდგომლებთ, რომ აბესაძეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აღკვეთის ღონისძიება შეეცვალოს და პატიმრობიდან გათავისუფლდეს", - განაცხადა ჭკადუამ.

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ ოთარ აბესაძეს, 14 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ოთარ აბესაძეს ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 13 ივლისს წაუყენეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე 12 ივლისს დააკავა.