„მარატის სიკვდილი“

  11:37:39     11-05-2011

ამ ოსტატის ცხოვრება და შემოქმედება მჭიდროდ უკავშირდება საფრანგეთის ისტორიულ მოვლენებს. ჟაკ ლუი დავიდი, რევოლუციის ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა. იგი იყო  ნაციონალური კონვენტის დეპუტატი, მრავალი რევოლუციური ზეიმის ორგანიზატორი.

მხარი დაუჭირა მეფის დასჯას. პირველი იმპერიის წლებში დავიდი გახდა ნაპოლეონ I სასახლის კარის ფერმწერი და აღმზრდელი მხატვართა მთელი პლეადისა. რევოლუციის მიერ დამხობილ, ბურბონთა ძალაუფლების აღდგენის შემდეგ, როგორც იაკობინელი, იძულებული გახდა, სამუდამოდ დაეტოვებინა სამშობლო. დიდი ფრანგი მხატვარი უცხო მხარეში, ბელგიის ქალაქ ბრიუსელში გარდაიცვალა. ჯაკ ლუი დავიდის სხეული დაკრძალულია ბრიუსელში, წმინდა გუდულას სასაფლაოზე, ხოლო მისი გული _ პარიზის პერ ლაშეზის სასაფლაოზე.

 

ჯერ კიდევ რევოლუციამდე დიდი ხნით ადრე,  საფრანგეთის მოწინავე მოაზროვნეები, განმანათლებლები, ქადაგებდნენ, რომ ხელოვნების მიზანია აღზარდოს ადამიანებში მაღალი მოქალაქეობრივი გრძნობები. დავითი იზიარებდა ამ აზრებს. ეს დამოკიდებულება ძველი რომის რესპუბლიკის და მისი გმირების გამოხატვით გადმოგვცა. იგი ეძებდა მისაბაძ საგმირო მაგალითებს.

 

1793 წლის 13 ივლისს, რევოლუციის ქარტეხილების დროს, მუხანათურად მოკლეს საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციის ერთ-ერთი ბელადი ჟან პოლ მარატი. თითქოს წერილის გადასაცემად, მასთან შესვლა მოახერხა შარლოტა კორდემ, რომელიც იაკობიანელთა მტრების მიერ იყო მოსყიდული. მარატი ავად იყო და სამკურნალო აბაზანას იღებდა. ყალბი წერილის კითხვის დროს შარლოტამ ხანჯლით სასიკვდილოდ დაჭრა იგი. ასე შეწყდა ხალხის ერთგული მეგობრის გულისცემა...

 

მგზნებარე იაკობინელი და რევოლუციის მთავარი მხატვარი ჟაკ ლუი დავიდი შეაძრწუნა მარატის ტრაგიკულმა სიკვდილმა. სულ რამდენიმე დღით ადრე მხატვარმა ინახულა მარატი, როდესაც ის საშინელი ტკივილებისგან გაწამებული ინიშნავდა თავის უკანასკნელ აზრებს ხალხის კეთილდღეობისათვის. სწორედ ასე აღბეჭდა დავიდმა იგი თავის ბრწყინვალე სურათში.

 

სურათში არ არის პირქუში ტონები. პირიქით, იგი უფრო ნათელი და ღიაა. ტილოს თეთრი ტონები კაშკაშა შარავანდედივით არტყია მარატს; გულსა და ზეწარზე წითლად მოჩანს სისხლის ლაქები, რაც აბაზანაზე გადაფარებულ მწვანე ქსოვილთან კონტრასტს ქმნის. სურათის სადა ფონი მოყვითალო ყავისფერია. ფონი, უფრო გამკვრივებული და უფრო ჩამუქებული მარატის თავთან, სამარისებურ წყვდიადს ჰგავს. მარცხენა ხელში წერილი უჭირავს, მარჯვენაში კი კალამი. იქვე გდია დანა, რომლითაც მარატი მოკლეს. დავიდმა ამით ცადა აღენიშნა ის ფაქტი, რომ მკვლელმა მარატს მხოლოდ სიცოცხლე წაართვა, აზრები კი უკვდავი დარჩა.

 

1793 წელს, შემოდგომაზე „მარატის სიკვდილი“ საჯაროდ გამოფინეს ლუვრში; ხალხმა, რომელსაც უყვარდა მარატი, გაიგო და ღირსეულად შეაფასა დავიდის ქმნილება. შემდეგ სურათი გამოფინეს კონვენტის ნაციონალურ სხდომათა დარბაზში, ხოლო რევოლუციის შემდეგ იგი დავიდის სახელოსნოში დააბრუნეს.

 

1815 წელს, ბურბონების გამეფების შემდეგ, მხატვარმა გადასახლებაში, ბრიუსელში წაიღო რევოლუციის პერიოდის საუკეთესო ნამუშევრები. დავიდის შთამომავლებისაგან XIX საუკუნის ბოლოს სურათი მოხვდა ბელგიაში, ბრიუსელის მუზეუმში. იგი დღესაც აქ ინახება.