9 მაისის აღლუმი და რუსულ-უკრაინული სკანდალი
11:18:59     11-05-2011
ხარკოვის საოლქო ორგანიზაცია “თავისუფლებამ” უკრაინის გენერალურ პროკურორს თხოვნით მიმართა, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე უცხო ქვეყნის სამხედროების ხარკოვში უკანონო მიღებასთან დაკავშირებით.
როგორც უკრაინული საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, ორგანიზაცია პროკურორს ამგვარი თხოვნით მეორედ მიმართავს. მისი წარმომადგენლების განცხადებით, რუსი სამხედროები ხარკოვში ქალაქის მუნიციპალიტეტმა კონსტიტუციის გვერდის ავლით დაპატიჟა.
საქმე ეხება 90 (სხვა მონაცემებით 120) კურსანტს ვორონეჟის სამხედრო-საავიაციო უნივერსიტეტიდან, რომლებიც ხარკოვის ხელმძღვანელობამ 9 მაისის სამხედრო აღლუმში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია. ეს მოწვევა ქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ ოფიციალურად გაფორმდა.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კონსტიტუციის მიხედვით, სხვა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება არ აქვთ და აქ უცხო შეიარაღებული კონტიგენტის ნებისმიერი გამოჩენა კანონის დარღვევაა. ორგანიზაციას იმედი აქვს, რომ დამნაშავე ჩინოვნიკები დაისჯებიან. ხელისუფლების ოფიციალური პოზიციის შესახებ კი, ჯერჯერობით, არაფერია ცნობილი.