სად დაკარგა ვენერა მილოსელმა ხელები?

  10:51:50     10-05-2011

აფროდიტე, ესაა სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთი ძველ ბერძნულ მითოლოგიაში, ზევსისა და დიონეს ასული. მითოლოგიის თანახმად, იგი ზღვის ქაფიდან კუნძულ კვიპროსთან იშვა. მისი კულტი, ფართოდ იყო გავრცელებული ბერძნულ სამყაროში. ანტიკურ სახვით ხელოვნებაში, აფროდიტე წარმოდგენილია იდეალური სილამაზის შიშველი ქალის სახით. ძველ რომაულ მითოლოგიაში ვხვდებით მის შესატყვისს ვენერას, რომელსაც, აფროდიტეს მსგავსად, თაყვანს სცემდნენ, როგორც სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთს.

 

პირველი მოქანდაკე, რომელმაც შეძლო მაქსიმალური რეალობით გამოესახა აფროდიტე კნიდსელის შიშველი სხეული, იყო პრაქსიტელე, დაბადებული ჩვ.წ.აღ. 390 წელს ათენში. 1820 წლის გაზაფხულზე, ეგეოსის ზღვის, კუნძულ მილოსის მკვიდრი გლეხი, ვინმე იურგოსი მიწას თხრიდა, უეცრად ბარი რაღაც მყარს წამოედო...

 

იურგოსმა განაგრძო თხრა და აღმოაჩინა ქვის ნიშში შედგმული თოვლივით თეთრი მარმარილოსგან ნათალი, უმშვენიერესი ქალის ქანდაკება. ეტყობოდა, მისი მფლობელისათვის ძალზე ძვირფასი იყო ეს ქანდაკება, მას ყველა ღონე ეხმარა, რომ ამ ნაწარმოებს დრო და ჟამის მსახვრალი ხელი არ შეხებოდა. როგორც წარწერა გვამცნობს, ქანდაკების ავტორს აგესანდრე, ან ალექსანდრე ერქვა, ამის ზუსტად დადგენა ვერ მოცხერხდა, რადგან რამდენიმე ასო გადალესილი იყო. იგი ცხოვრობდა ძვ.წ. III საუკუნის ბოლოს ან II საუკუნის დასაწყისში. სკულპტურა თეთრი მარმარილოსგანაა შექმნილი, სიმაღლით 203 სანტიმეტრია. სამოსის რბილი ნაკეცები ხაზს უსვამენ შიშველი სხეულის სილამაზესა და სიმკვრივეს. ასეთად გამოსახა მოქანდაკემ აფროდიტე, სიყვარულის ქალღმერთი.

 

ქანდაკება ხან მოქნილი და მოძრავი ჩანს, ხანაც მშვიდი, იმისდა მიხედვით, თუ რომელი კუთხიდან შევხედავთ მას. გასაოცარ სიცხოველეს ანიჭებს მას ოდნავ დაწეული თავი. სიყვარულის ქალღმერთს საზეიმო იერი დაჰკრავს, იგი ამაღლებულია მკაცრი სილამაზით, ამასთან ერთად მძლავრიცაა და ქალურიც.

 

კუნძული მილოსი, იმ ხანებში, თურქეთს ეკუთვნოდა. უცხოელები მას იშვიათად სტუმრობდნენ, ამიტომ ამ გასაოცარი ქანდაკების გაყიდვა, არცთუ ისე იოლი შეიქნა. იურგოსმა იგი ჩალის ფასად დაუთმო ადგილობრივ მღვდელს, რომელსაც განეზრახა სულთანის ერთ-ერთი დიდებულისათვის ძღვენის მირთმევა.

 

ამ აღმოჩენის შესახებ, შეიტყო საფრანგეთის ელჩმა თურქეთში. მან მილოსში თავისი მდივანი გაგზავნა სამხედრო ხომალდით. ფრანგებმა იმ მომენტში მიასწრეს, როცა ქანდაკება თურქეთის გემზე აჰქონდათ. მდივანმა თანხა შესთავაზა მღვდელს, მაგრამ მან გადაჭრით განაცხადა უარი.

 

მაშინ ფრანგებმა ძალა იხმარეს, ატყდა ჩხუბი. შედარებით მრავალრიცხოვანმა ფრანგმა მეზღვაურებმა სძლიეს თურქებს და ქანდაკება დაისაკუთრეს, მაგრამ ამ არეულობაში ეს შესანიშნავი ქმნილება დაზიანდა, ორივე ხელი მოტყდა.

 

საფრანგეთის ელჩმა, იურგოსის აღმოჩენა – „აფროდიტე (ვენერა) მილოსელი“, (ასე შეარქვეს იმ ადგილის პატივსაცემად), სადაც იგი აღმოაჩინეს, მეფე ლუი XVIII-ს გაუგზავნა, მეფემ კი იგი, პარიზის ლუვრის მუზეუმის ცალკე დარბაზში მოათავსა, როგორც ამ მუზეუმის ერთერთი უძვირფასესი განძი. აფროდიტე მილოსელის ქანდაკება, დღემდე ლუვრში ინახება.