ყველაზე მასშტაბური ხანძარი ლოს-ანჯელესში კვლავ მძვინვარებს

  15:13:13     04-09-2017

ლოს-ანჯელესში, ქალაქის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ხანძარი მძვინვარებს. უცხოური მედიის ინფორმაციით, ცეცხლი ტყეში გაჩნდა, რის შემდეგაც ის სწრაფად გავრცელდა და დასახლებულ პუნქტებამდე მივიდა.

ხანძრის გამო ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა და ერთ-ერთი მთავარი მაგისტრალი გადაიკეტა.
ადგილობრივი მთავრობის ცნობით, ლოს-ანჯელესის მახლობლად მდებარე ბურბანკისა და გლენდეილის დასახლებებში მოსახლეობა 700-ზე მეტი საცხოვრებელი სახლიდანაა ევაკუირებული.

სტიქია, რომელიც პირველ სექტემბერს დაიწყო, ამ დროისთვის უკვე 3 500 ჰექტარზე მეტ ფართობს მოიცავს. ხანძრის ლიკვიდაციას ხელს ძლიერი ქარი უშლის. ადგილზე ასობით მეხანძრეა მობილიზებული.

კალიფორნიის გუბერნატორმა ლოს-ანჯელესის ოლქში ტყის მასივებზე გავრცელებული მასშტაბური ხანძრის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ხელისუფლებამ 700-მდე საცხოვრებელი სახლიდან მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელა.
სტიქია დასახლებული პუნქტებისკენ სწრაფად მიიწევს და ათასობით სახლს ემუქრება. ამ დროისთვის ცეცხლმა უკვე 3 სახლი გაანადგურა.