მოსამართლემ ოთარ აბესაძის წინასასამართლო სხდომა დახურა

  13:14:35     04-09-2017

მოსამართლემ ოთარ აბესაძის წინასასამართლო სხდომა დახურა. მანამდე მას სხდომის ნაწილობრივ დახურვის შუამდგომლობით დაცვის მხარემ მიმართა, რაც მოსამართლემ 193/2 და 182/3 მუხლის თანახმად დააკმაყოფილა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ოთარ აბესაძის საქმის განხილვა 12 საათზე დაიწყო. როგორც პროცესის დაწყებამდე პროკურორმა ირაკლი მარშანიამ განაცხადა, დღევანდელ პროცესზე განიხილავენ, თუ რამდენად კანონიერად მოიპოვეს მტკიცებულებები და განიხილავენ მათი დაშვების საკითხსაც. კერძოდ მოქალაქეთა ჩვენებები და აუდიო, ვიდეო ჩანაწერები, რომელშიც მათი მტკიცებით, აბესაძის მიერ უკანონო ქმედებაა ასახული.

14 ივლისს, ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ ოთარ აბესაძეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ოთარ აბესაძეს ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 13 ივლისს წაუყენეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე 12 ივლისს დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ოთარ აბესაძე მოქალაქეებს მდინარე მტკვარზე, ტივზე კაფეს მოწყობის ნებართვების დაჩქარებული წესით აღებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდ ქრთამი - 3 000 აშშ დოლარი - მოითხოვა. მან მოქალაქეებს განუმარტა, რომ არქიტექტურის, ქონების და ზედამხედველობის სამსახურებში ყველა საკითხი შეთანხმებული იყო, სამუშაოების დაწყება შეეძლოთ და ჯარიმებიც არ იქნებოდა.