ახალი პირადობის მოწმობების უფასოდ გაცემის მორიგი აქცია 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება

  14:20:09     01-09-2017

ამომრჩეველთა ერთიანი სიის გაუმჯობესების მიზნით, ახალი პირადობის მოწმობების უფასოდ გაცემის მორიგი აქცია იუსტიციის მინისტრის ბრძანებით 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

ამის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძემ ჟურნალიტებს განუცხადა და განმარტა, რომ აქცია მიზნად ისახავს საარჩევნო სიის დახვეწას და გაუმჯობესებას.

"აქციის ფარგლებში პირადობის მოწმობის აღება უფასოდ შეუძლიათ მოქალაქეებს, რომლებსაც არ გააჩნიათ არცერთი მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელთა რეგისტრაციის მისამართი ფიზიკურად აღარ არსებობს, ასევე მონაცემთა ბაზაში უსურათო და უხარისხო ჩანაწერის მქონე მოქალაქეებს, მისამართის გარეშე რეგისტრირებულ პირებს და ასევე, სრულწლოვან მოქალაქეებს და იმ პირებს, რომლებსაც აქციის დასრულებამდე უსრულდებათ 18 წელი. აქცია მიზნად ისახავს ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებას და გაუმჯობესებას, ის ხელს უწყობს მონაცემთა ბაზების დახვეწას და საარჩევნო სიების სრულლყოფას”,- განაცხადა სოსო გიორგაძემ.

მისი განმარტებით, პირადობის მოწმობის ასაღებად მოქალაქეებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლის ფილიალებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს.


დღევანდელი მდგომარეობით, პირადობის ელექტრონულ მოწმობას საქართველოს 2 000 000-ზე მეტი მოქალაქე ფლობს.