რუსეთი მზადაა დაეხმაროს საქართველოს იმ ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში, რომელიც თავად გადაწვა 2008 წელს

  13:03:09     23-08-2017

ბორჯომის ხეობაში კვლავ ხანძარია. საქართველოს დახმარების ხელს უწვდიან მეგობარი ქვეყნები. თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი უშუალოდ მონაწილეობენ ხელისუფლების დაგვიანებული რეაქციის გამო, 10 ჰექტარზე გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში. 

თურქეთი საქართველოს სახანძრო ვერტმფრენითა და თვითმფრინავით, აზერბაიჯანი ვერტმფრენით, ცოცხალი ძალითა და ტექნიკით, სომხეთი კი - ცოცხალი ძალით ეხმარება. 

რეგიონში ყველაზე დიდ სახანძრო ვერტმფრენს აგზავნის მეგობარი ბელარუსიც. 

[I=3]დახმარებისათვის მზადაა საბერძნეთი, გერმანია, რუმინეთი, ევროკავშირის სხვა ქვეყნები და სტრატეგიული პარტნიორი - ამერიკა. სია გრძელი, დასაფასებელი და საყურადღებოა. თუმცა, აქვეა ერთი უჩვეულო გარემოებაც. 

მას შემდეგ, რაც მეგობარმა ქვეყნებმა გამოთქვეს მზადყოფნა მონაწილეობა მიეღოთ ბორჯომის ხეობაში გაჩენილ ხანძართან ბრძოლაში, ოკუპანტმა რუსეთმა ქართულ მხარეს „დახმარების ხელი გაუწოდა“. 

კრემლი მის მიერვე ოკუპირებულ საქართველოს იმ ტყეში გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობაში სთავაზობს დახმარებას, რომელიც თავადვე გადაწვა 2008 წლის რუსული ინტერვენციის დროს.

2008 წლის აგვისტოში, საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ, რუსეთმა ბორჯომის უნიკალურ ხეობაში აალებადი ჭურვები ჩამოყარა, რათა ასწლოვანი ხეები ხანძრისაგან გაენადგურებინა. 

[I=2]მაშინ, მასშტაბური ხანძრის ლიკვიდაცია დიდი ძალისხმევის, ჯარის, მოხალისეების, მაშველებისა და მეხანძრეების გმირობის ფასად ერთ დღეში მოხერხდა. 

თუმცა, დაგვრჩა რუსული ბომბებისაგან დანახშირებული ტყის მასივები. 

ამ მოვლენებიდან დღემდე კი, რუსების მიერ გადამწვარ ჰექტრებზე 30 ათასამდე ახალი ნერგი დაირგო, რომლის უდიდესი ნაწილი, სამწუხაროდ, 20 აგვისტოს გაჩენილმა იმ კოცონმა შეიწირა, რომელიც უმოქმედობისა და უყურადღებობის გამო, მასშტაბურ სტიქიად იქცა.