ტერაქტი ბარსელონაში - დაღუპულია 13 ადამიანი, დაშავებულთა რიცხვი 80-ს აღწევს

  23:29:28     17-08-2017

ბარსელონაში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, 80-მდე კი დაშავდა. რამბლის ქუჩაზე სატვირთო მანქანის მძღოლი ფეხით მოსიარულეებში შეიჭრა.

მოგვიანებით, უცნობები ავტომობილით პოლიციელებს დაეჯახნენ, რომლებიც მომხდარი ტერაქტის ადგილზე პერიმეტრს იცავდნენ. სამი პოლიციელი დაშავდა. სხვა ადგილზე ისევ მანქანის დაჯახების შედეგად დაშავდა კიდევ ერთი პოლიციელი. მძღოლი დაკავებულია. 

ამ დროისათვის გავრცელებული ცნობით, ბარსელონის ტერაქტში ეჭვმიტანილი დრის უკაბირი დაკავებულია. უკაბირის გარდა დაკავებულია კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ტერაქტთან კავშირშია. 

ცოტა ხნის წინ, ესპანურმა მედიამ გამოაქვეყნა ფოტო და ადამიანის სახელი და გვარი, რომელმაც სავარაუდოდ ბარსელონაში 17 აგვისტოს ტერაქტი მოაწყო. წინასწარი ინფორმაციით ეს დრის უკაბირია (Driss Oukabir), საფრანგეთის მოქალაქე, რომელიც ესპანეთში ცხოვრობდა.

ამ დროისათვის გავრცელებული ინფორმაციით, ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

მსოფლიოს ლიდერებმა ბარსელონას ტერაქტი დაგმეს.