აშშ-მა საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების ანგარიში გამოაქვეყნა

  14:05:31     16-08-2017

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიოს 199 ქვეყანაში რელიგიური თავისუფლების კუთხით სიტუაციის ანალიზს წარმოადგენს.


ანგარიში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა წარადგინა. მან ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ რელიგიური უმცირესობებისა და ეთნიკური ჯგუფების წინააღდეგ ჩადენილ ძალადობრივ ქმედებებსა და დანაშაულებზე ისაუბრა.

ტილერსონმა განაცხადა, რომ მსოფლიოში „რელიგიური დევნა და შეუწყნარებლობა მეტია“. მისი თქმით, მსოფლიოს მოსახლეობის, დაახლოებით, 80% რელიგიური შეზღუდვებისა და შეუწყნარებლობის ქვეშ ცხოვრობს. ამ კუთხით მან შვიდი ქვეყანა გამოჰყო, რომელთა მთავრობებიც რელიგიური კუთხით მოსახლეობის უფლებებს არღვევენ, ესენია: ირანი, საუდის არაბეთი, თურქეთი, ბაჰრეინი, ჩინეთი, პაკისტანი და სუდანი.

რაც შეეხება საქართველოს ანგარიშში ღნიშნულია, რომ ქვეყნის კონსტიტუცია რელიგიის სრულ თავისუფლებას, სახელმწიფოსა და ეკლესიის განცალკევებასა და მოქალაქეების რელიგიური მრწამსის მიუხედავად მათ თანასწორობას უზრუნველყოფს,. მიუხედავად ამისა, "კანონი და პოლიტიკა უპირატესობას ანიჭებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და აძლევს ისეთ პრივილეგიებს, რომლებიც არ არის გათვალისწინებული სხვა რელიგიური ჯგუფებისთვის".

ანგარიშში ასევე წერია: „მთავრობა შეუსაბამოდ პასუხობს რელიგიური სიძულვილით ჩადენილ ქმედებებს და სკოლებში საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის სასარგებლოდ დისკრიმინაციას ახდენს, ამერიკის საელჩო და მისი წარმომადგენლები განაგრძობენ შეხვედრებს საქართველოს მთავრობის, საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიისა და რელიგიურ უმცირესობების წარმომადგენლებთან“.