ჩრდილოეთ კორეამ შესაძლოა ამერიკაზე დარტყმა განახორციელოს

  16:22:25     15-08-2017

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ბრძანება გასცა, სამხედროები ნებისმიერ დროს მზად იყვნენ დარტყმა განახორციელონ, თუ ის ამგვარ გადაწყვეტილებას მიიღებს.

მან საომარი მოქმედებებისთვის ქვეყნის შეიარაღებულ ძალების მზადყოფნა შეამოწმა. არმიის ხელმძღვანელობამ კი მას წყნარ ოკეანეში, კუნძულ გუამის ამერიკულ ბაზაზე თავდასხმის გეგმა წარუდგინა.
კიმ ჩენ ინმა სამხედროები შეაქო და აშშ-ს მოუწოდა სწორი გადაწყვეტილება მიიღოს კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის მოხსნის და სამხედრო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად.


11 აგვისტოს, დონალდ ტრამპმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ "ჩრდილოეთ კორეის უგუნური ქმედებების შემთხვევაში" კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტის სცენარი არსებობს და რომ ამერიკული არმია სრულ მზადყოფნაშია. მანამდე ის ჩრდილოეთ კორეას ფხენიანის მხრიდან აგრესიის შემთხვევაში "ცეცხლს და რისხვას" დაჰპირდა.
აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის სიტუაცია ბოლოს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ახალი სანქციების მიღების შემდეგ გამწვავდა.