ამერიკელი ექსპერტი საქართველოზე: „საქართველო ცოტა არ იყოს უხერხულ მდომარეობაშია“

  10:52:57     15-08-2017

ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორმა, საგარეო ურთიერთობების საბჭოს ექსპერტმა და აშშ-ის უშიშროების საბჭოს ყოფილმა წევრმა ჩარლზ კუპჩანმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან შემდეგი განცხადება გააკეთა:
„საქართველო ცოტა არ იყოს უხერხულ მდომარეობაშია, სურს ნატო-ში გაწევრიანება, მაგრამ ალიანსის შიგნით ამ თემაზე კონსენსუსი არ მიღწეულა, რაც შეეხება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს, ამით რუსეთმა სამხედრო ძლიერება და ძალდატანება აჩვენა, რათა განევრცო და შეენარჩუნებინა გავლენა ე.წ. ახლო სამეზობლოზე. ეს კონკრეტული შემთხვევა კი საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტ-მიხეილ სააკაშვილს და რუსეთის მთავრობას შორის მზარდი რიტორიკის პროდუქტი იყო. არაერთის აზრით, რუსეთი საქართველომ წააქეზა საკუთარი სამხედრო მოქმედებით და მუქარით სამხრეთ ოსეთისადმი, მაგრამ ზოგადად, ეს იყო რუსეთის მხრიდან კიდევ ერთხელ საკუთარი ძალის დემონსტრირება. ეს ქმედება ძალიან ჰგავს იმას, თუ რა გააკეთა მოსკოვმა უკრაინაში 2014“, - განაცხადა ჩარლზ კუპჩანმა.


ამერიკელმა ექსპერტმა ასევე ისაუბრა მცოცავ ოკუპაციაზეც: „მე ზუსტად ვფიქრობ, რომ მოსკოვის მიერ საზღვრების გადმოწევა საქართველოში მცოცავი ოკუპაციაა, ამ ქვეყანაში ახლა 20% რუსეთის კონტროლქვეშაა“.


ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ მისთვის სხვადასხვა სახის კითხვები დაესვათ, ერთ-ერთი კითხვა შეეხებოდა აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობებს, რომელზე ჩარლზ კუპჩანმა მათ ასე უპასუხა:
„აშშ საქართველოს აქტიურად უჭერდა მხარს ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობიდან დაწყებული, ომის ეტაპით და ბარაკ ობამას საპრეზიდენტო პერიოდის ჩათვლით. ასე გაგრძელდა უკრაინის ანექსიამდე, შემდეგ კი აშშ-ის ადმინისტრაციამ ახალი ყურადღება შემატა რუსეთის ახლო სამეზობლოს ქვეყნებთან ურთიერთობას. მჯერა, რომ როცა პრეზიდენტი ტრამპი მოვიდა თეთრ სახლში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას მღელვარება მოედო აშშ-ის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ამის მიზეზი პრეზიდენტის განცხადებები იყო რუსეთთან დაახლოების, უკრაინის გამო მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ვითომდა გაუქმების გამო, თუმცა ტრამპის ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ცალსახად გაცხადდა, რომ გაგრძელდებოდა ობამასდროინდელი მხარდაჭერა ახალგაზრდა დემოკრატიებისთვის. ამდენად, საქართველოსთან ურთიერთობებში მხარდაჭერის მყარი ქსელი არსებობს, რაც მიზნად ისახავს მისი დემოკრატიის, მისი დასავლური მისწრაფებების და დასავლურ დემოკრატიებთან თავსებადობის ხელშეწყობას“.