ზვიად გუბელაძის თქმით, ირაკლი მამალაძე სუს-ის ფარული თანამშრომელი არასოდეს ყოფილა

  13:46:37     01-08-2017

დეკანოზ გიორგი მამალაძის პროცესზე სახელმწიფო ბრალდებამ ახალი მტკიცებულების დართვა მოითხოვა. საუბარია შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის ირაკლი ფირცხალავას საჯარო განცხადების შემდეგ დაწყებულ გამოძიების დასკვნაზე. 

საქმის პროკურორი ზვიად გუბელაძე ამბობს, რომ გამოთხოვილი ინფორმაციით დასტურდება, რომ ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე არც ახლა და არც არასოდეს ყოფილა ფარული თანამშრომელი.

მოსამართლემ ბრალდების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სუს-იდან გამოთხოვილი დოკუმენტი საქმეს დაურთო.
საქმეზე დღეს ირაკლი ფირცხალავას დაკითხვა 4 საათზე გაიმართება. 

ირაკლი ფირცხალავამ ე.წ. მატროსოვის ციხიდან წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც დეკანოზის საქმის პროკურატურის მთავარ მოწმეს ირაკლი მამალაძეს უსაფრთხოების სამსახურის აგენტად მოიხსენიებს. 

დეკანოზ გიორგი მამალაძის სასამართლო სხდომები დახურულია.