23 წელი პულიტცერის მფლობელი ფოტოგრაფის, კევინ კარტერის ტრაგიკული ისტორიიდან

  13:57:17     28-07-2017

23 წელი გავიდა, რაც პულიტცერის პრემიის მფლობელმა, ომის ფოტოგრაფმა და "შეშლილთა კლუბის" წევრმა, კევინ კარტერმა ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულა. კარტერი ყოველთვის ცნობილი ფოტოგრაფი იყო, თუმცა მას უდიდესი პოპულარობა ფოტომ, "შიმშილი სუდანში" მოუტანა. ერთმა ფოტომ სრულყოფილად გადმოსცა აფრიკაში არსებული მდგომარეობა.

მან მთელი ცხოვრება, აფრიკის კრიზისული სიტუაციის კადრებზე აღბეჭდვას მიუძღვნა. კარტერი თეთრკანიანთა რიცხვს მიეკუთნებოდა, შესაბამისად მისთვის საკმაოდ სარისკო საქმეს წარმოადგენდა სამხრეთ აფრიკის მოვლენების გაშუქება.კარტერი იყო პირველი, ვინც ვინც ე.წ "ყელსაბამი" აღბეჭდა - ასე უწოდებდნენ სამხრეთ აფრიკაში ერთერთ დასჯის მეთოდს, როდესაც ადამიანს კისერზე ცეცხლმოკიდებულ ბორბალს აცვამდნენ და ცოცხლად წვავდნენ. ის და მისი მეგობრები ომის ყველაზე ცხელ წერტილებში მუშაობდნენ და სწორედ ამიტომ "შეშლილთა კლუბი" უწოდეს მათ.

კევინ კარტერის მეგობარი ჟურნალისტი იუდიტ მატლოფი ერთერთ ინტერვიუში იხსენებს, რომ კევინი ძალიან ბევრს ფიქრობდა იმ ადამიანების ტრაგედიაზე, ვისაც უღებდა. მისი თქმით, კარტერი წუხდა, რომ სიკვდილისთვის განწირულ ადამიანებს ვერ ეხმარებოდა. რაც უფრო მეტად მწვავდებოდა სიტუაცია სამხრეთ აფრიკაში, მით უფრო მეტად იზრდებოდა კარტერის დამოკიდებულება კოკაინზე, რის გამოც მას გარკვეული ტიპის პრობლემები შეექმნა. 

1993 წელს კევინ კარტერი სამუშაოდ სამხრეთ სუდანში წავიდა, სადაც ხალხი მასობრივად შიმშილობდა. სწორედ აქ, სუდანში გადაიღო კევინ კარტერმა თავისი ცნობილი კადრი, რომელიც ფოტოგრაფიის ისტორიაში ერთერთ ყველაზე მძიმე და გახმაურებულ ფოტოდ დარჩა. ფოტომ, სახელწოდებით "შიმშილი სუდანში", არაერთგვაროვანი გამოხმაურება გამოიწვია. ერთერთი ვერსიის თანახმად, კარტერმა ფოტოს გადაღების შემდეგ, ბავშვი გადაარჩინა, ხოლო მეორე ვერსიით კი, ბავშვი სვავთან მარტო დატოვა. კითხვას ერთი კონკრეტული პასუხი დღემდე არ გასცემია.

1994 წლის აპრილში ფოტოსთვის კევინ კარტერმა პულიტცერის პრემია მიიღო, თუმცა იმავე დღეს მისი მეგობარი და "შეშლილთა კლუბის" წევრი კენ ოსტერბოეკი კონფლიქტის ზონაში ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა. როგორც კარტერის მეგობრები ყვებიან, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე კევინ კარტერი დაუფარავად საუბრობდა სუიციდზე. მათი თქმით, ის მის მიერ შეუსრულებელ დავალებებსა და ფულის ნაკლებობაზე ნერვიულობდა. 1994 წელს მან new yourk times-დან მიიღო შემოთავაზება. კარტერი მოზამბიკაში გამგზავრებას სიამოვნებით დასთანხმდა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მაღვიძარა დააყენა, გაღვიძება ვერ შეძლო და თვითმფრინავმა გაასწრო. შემდეგ უკვე დაბრუნებისას, თვითმფრინავის სავარძელზე გაუმჟღავნებელი ფირი დატოვა, იმ კადრებით სავსე, რომელიც მან მოზამბიკაში გადაიღო. თუმცა, ამას მოგვიანებით მიხვდა.

პულიტცერის მიღებიდან რამდენიმე თვეში, 1994 წლის 27 ივლისს 33 წლის ასაკში კევინ კარტერმა საკუთარ მანქანაში გაზის გაშვებით მოიკლა თავი. კევინ კარტერი პროფესიას ემსხვერპლა. სიკვდილის წინ მან გამოსამშვიდობებელი წერილი დატოვა:

„მე მართლა, მართლა ვწუხვარ. ცხოვრების ტკივილი ბედნიერებას აჭარბებს, რადგან ბედნიერება საერთოდ არ არსებობს... მე დეპრესიაში ვარ... მობილურის გარეშე... ქირის ფულის გარეშე... ბავშვის ალიმენტის გარეშე... ვალების გადასახდელი ფულის გარეშე... ფული! მე მტანჯავენ მოგონებები გარდაცვლილ ადამიანებზე და გვამები და სიბრაზე და ტკივილი... მშიერი და დაშავებული ბავშვების, შეშლილი ადამიანების მზადყოფნა ბოროტების ჩასადენად, ძირითადად, პოლიციელები, მკვლელი ჯალათები... თუკი გამიმართლებს, კენთან მივდივარ“.