მორის მეტერლინკი - "სიმბოლიზმის სახარების" ავტორი

  17:43:05     05-05-2011

1949 წლის 5 (ზოგი ვერსიით 6) მაისს გარდაიცვალა დიდი ბელგიელი (ფრანგულენოვანი) მწერალი, დრამატურგი და პოეტი, ნობელის პრემიის ლაურეატი, მორის მეტერლინკი (Maurice Polidore Marie Bernhard Maeterlinck).

მამამისი ფლანდრიელი შეძლებული ნოტარიუსი იყო, დედა მდიდარი იურისტის ქალიშვილი. დიდი მწერალი დაიბადა 1862 წლის 29 აგვისტოს, გენტში, ფლანდრიაში, ბელგიაში. ოჯახი ფრანგულენოვანი იყო. ამან განსაზღვრა მისი სამწერლობო მომავალი. 1874-1881 წლებში სწავლობდა იეზუიტთა კოლეჯში. ძალიან უყვარდა პოეზია, მაგრამ მშობლების სურვილით ჩააბარა გენტის უნივერსიტეტში.

 

მისი პირველი ლექსი 1883 წელს დაიბეჭდა ჟურნალში Jeune Belgique. 1885 წელს დაამთავრა გენტის უნივერსიტეტი და დაიწყო ადვოკატობა. თუმცა მანამდე 6 თვით პარიზში იყო წასული, სადაც გაიცნო სიმბოლისტები. გატაცებული იყო XIV საუკუნის ფლანდრიელი მისტიკოსის იან ვან რაუსბრუკის "სულიერი ქარწინების საუნჯით", რომელიც თარგმნა კიდეც ფრანგულად.

 

1889 წელს გამოვიდა მისი პირველი პოეტური კრებული "ორანჟერეა" (სათბურები), რომელიც ავტორის ხარჯით გამოვიდა. პარალელურად აქვეყნებდა კრიტიკულ წერილებს და ნარკვევებს. ერთი წლის მერე გამოვიდა მისი პირველი პიესა "პრინცესა მალენი", რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ამ პიესის შესახებ "ფიგაროში" წერილი გამოაქვეყნა ოქტავ მირბომ, ცნობილმა კრიტიკოსმა, ნაწარმოებს შედევრი უწოდა, მისი ავტორი კი დიდ შექსპირს შეადარა. მატერლინკისთვის ეს დიდი სტიმული იყო. მან მიატოვა ადვოკატობა და მთლიანად ლიტერატურას მიეცა. 1896 წელს გამოვიდა მეტერლინკის "12 სიმღერა, 1900 წელს "15 სიმღერა". მისი შემოქმედება სავსე იყო ირეალისტური, ზებუნებრივი სამყაროს წარმოსახვებით, ელემენტებით, სიმბოლოებით... წერდა ესეებს და ტრაქტატებს. გენტში ირონიით უყურებდნენ მის პიესებს...

 

1895 წელს იქორწინა ჟორჟეტა ლებლანზე. 1896 წლიდან ცხოვრობდა საფრანგეთში, პარიზში. მუშაობდა ინტენსიურად და ნაყოფიერად. იმავე პერიოდშო დაწერა "ლურჯი ფრინველი", რომელიც სულ მალე სხვადასხვა ქვეყნების სცენებზე დაიდგა.

 

როგორც ყოველთვის, საქართველო მეტერლინკის გენიის დაფასებაშიც არცერთ ქვეყანას არ ჩამორჩენია. გერონტი ქიქოზე მას ახალი დრამის ფუძემდებლად თვლიდა, კიტა აბაშიძე წერილში ვაჟა ფშაველას შესახებ, 1915 წელს, წერდა: "პოეტსაო, ამბობს საუკეთესო წარმომადგენელი სიმბოლიზმისა მეტერლინკი, ,,შეაქვს ჩვეულებრივ ცხოვრების გამოსახვაში რაღაც, რომლის დასახელება საძნელოა და რომელიც მხოლოდ მგოსანთა საიდუმლოს შეადგენს. შეახებს თუ არა ხელოვანი თავის მადლიან ხელს, და ცხოვრებაც გამოგვეცხადება თავისის მრავალფეროვნებითა და სიდიადით, თვალწინ აღგვემართება იგი ცხოვრება უხილავ და გამოუცნობელ ძალთა მონად და მორჩილად, მისი მოვლენანი უსაზღვრო კავშირით არიან შედუღებულნი, მის მიმდინარეობას დარაჯად უდგია დიდებულებით შემოსილი უბედურება. ამგვარად, რომელიმე დაოსტატებული ქიმიკოსი ჭიქაში ჩააწვეთებს ხოლმე რაღაც საიდუმლო წვეთს და წამს წმინდა წყლის მაგიერ გამოგვიჩნდება მთელი მსოფლიო კრისტალებისა, მანამდის კი ჩვენ ჭიქაში არა შეგვიმჩნევია რა, თუ არ წმინდა წყალი.

 

წმინდა წყალი ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებაა. საკმაოა მგოსანმა თავისი შემოქმედის გენიოსობის ფრთა შეახოს ამ ცხოვრებას, და იგი გადაიქცევა მომჯადოებელ და მომხიბვლელ სურათად, რომელიც ღრმა გრძნობებსა და ფიქრებს აუშლის ყოველსავე მაყურებელს. ამგვარად, ხელოვანი თავისებური, ერთგვარი შემოქმედია, ღვთაებრივის ძალით მოსილი არსება, რომელიც უფერულს მრავალფეროვნადა ჰქმნის და მარტივს ართულებს, უმნიშვნელოს ღრმა აზრს და ღრმა სულს უდგამს.

 

აქედან ცხადია, რომ მწერლის იარაღი, მწერლის ენა, მისი ლექსიკონი უფრო მდიდარია და განვითარებული, ვიდრე ის მშრალი და ცივი ლექსიკონი, რომლითაც სარგებლობს კაცობრიობის უმეტესობა.

 

სიტყვის მხატვრული, მისი ,,გამომხატველობითი» ძალა ბევრად უფრი დაბლა სდგას მის მუსიკალურ, გრძნობათა აღმძვრელ ძალზედ. ამიტომაც პოეტი უნდა სცდილობდესო, ამბობენ სიმბოლისტები, ისეთი კომბინაცია მოახდინოს რითმისა და რიტმისა, ისეთი წყობილება იხმაროს სიტყვებისა, იმგვარად შეაქსოვოს და შეუხამოს სიტყვები ერთიმეორეს, რომ იგივე გრძნობები აღგვიძრას, რაც მუსიკამაო. ამ თეორიის უკიდურესი გამომსახველია ის სიმბოლური პოეზიის სახელმძღვანელო ლექსი, რომელიც ფრანგ პოეტმა რემბომ მოგვცა. აქ, ამ უცნაურ ლექსში ანბანის ,,გრძნობათა აღმძვრელი”, ანბანის მუსიკალური მნიშვნელობაა განმარტებული: ა – შავის გრძნობას აღგვიძრავს, ე – თეთრისას, ი – წითლისას (ჯიგრის, სისხლის ფერისას), ო – ცისფერისას. როცა ესა და ეს ხმოვანი ასო გვესმის, მაშინ ჩვენ თვალწინ მისი შესაბამი ფერი გვეხატვისო. რასაკვირველია, თუკი მწერალი განსაკუთრებული არსებაა, რომლის ხუთი გრძნობა უფრო მახვილია, ვიდრე ჩვეულებრივის კაცისა, და რომლის გრძნობიერება მრავალმხრივია, რომელიც მეექვსე გრძნობითაც კი არის აღჭურვილი, ვინაიდან წინათგრძნობა განვითარებული აქვს - რასაკვირველია, ამგვარს მწერალს ჩვეულებრივ, ყოველდღიურ მოვლენათა შორის ,,გამოუცნობელის” ,,მიუწვდომელის”, ,,იდუმალის” ძალის განხორციელება ეჩვენება და ეს საიდუმლოება ყოველის მხრით ეცხადება. ამგვარად, მისთვის ჩვეულებრივი მოვლენა სიმბოლოდ ხდება, ცხოვრების იდუმალ ძალის გამომსახველ ნიშნად.

 

ზემოხსენებული მეტერლინკი ამნაირად გვესაუბრება თავის შესანიშნავ ,,მშვიდთა საუნჯეში”, რომელიც სიმბოლიზმის სახარებად ითვლება”.

 

მეტერლინკის დრამა "დაუპატიჟებელი" 1905 წელს გამოაქვეყნა "ივერიის ბიბლიოთეკამ" (№2, მ. ადამაშვილის (დიდი მიხეილ ჯავახიშვილის) თარგმანი). ითარგმნებოდა და თბილისისა და ქუთაისის თეატრების სცენაზე იდგმებოდა მორის მეტერლინკის კიდევ არა ერთი პიესა.

 

1911 წელს მეტერლინკს მიანიჭეს ნობელის პრემია "მრავალფეროვანი სალიტერატურო მოღვაწეობისათვის, განსაკუთრებით, პოეტური ფანტაზიითა და წარმოსახვით მდიდარი დრამატული ნაწარმოებებისათვის.”

 

მალე დიდ ფრანგულენოვან მწერალს შესთავაზეს საფრანგეთის აკადემიის წევრობა, მაგრამ უარი განაცხადა, რადგან ამისათვის უარი უნდა ეთქვა ბელგიის მოქალაქეობაზე. პირველი მსოფლიო ომის დროს მეტერლინკმა მოითხოვა ჩაეწერათ ბელგიის სამოქალაქო გვარდიაში, მაგრამ ასაკის გამო უარი უთხრეს. ეწეოდა პროპაგანდას ლექციების მეშვეობით ევროპაში და ამერიკაში. ომის მერე დაშორდა პირველ მეუღლეს და 1919 წელს იქორწინა რენე დაონზე. შემდგომ წლებში გამოიცა მისი 12 ტომეული. განსაკუთრებით გმობდა კომუნიზმსა და ტოტალიტარიზმს, რომელიც ადამიანებს თერმიტებად აქცევს.

 

1939 წელს პორტუგალიაში გადავიდა, მერე კი 1947 წლამდე ამერიკაში ცხოვრობდა. იყო გლაზგოს უნივერისტეტის საპატიო დოქტორი, ბელგიის ლეოპოლდის დიდი ორდენისა და პორტუგალიის წმინდა იაკობის ორდენის კავალერი. 1932 წელს ბელგიის მეფემ გრაფის ტიტული უბოძა.

 

დიდი მწერალი გარდაიცვალა, როგორც ზემოთ ვთქვით, 1949 წლის 5 (ზოგი ვერიით 6) მაისს.