„პოლონეთის მთავრობის მიერ ინიცირებული რეფორმა სასამართლოს დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის“

  17:06:09     26-07-2017

ევროკომისიაში დღეს სასამართლო რეფორმის შესახებ იმსჯელეს. ისინი მიიჩნევენ, რომ პოლონეთის მთავრობის მიერ ინიცირებული რეფორმა სასამართლოს დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის.


ევროკომისიის პრეზიდენტის პირველმა მოადგილემ ფრანს ტიმერმანსმა განაცხადა: „პოლონეთს სასამართლო რეფორმის ირგვლივ შექმნილი პრობლემის მოსაგვარებლად 1-თვიან ვადას ვაძლევთ, თუ აღნიშნულ ვადაში ვარშავა პრობლემას არ მოაგვარებს, ევროკომისია მზად არის ლისაბონის ხელშეკრულების მე-7 მუხლი აამოქმედოს, რაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოსთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ამ შემთხვევაში პოლონეთი ევროკავშირის მინისტრთა საბჭოში ხმის მიცემის უფლებასაც დაკარგავს“.

ევროლომისიის განცხადების მიხედვით, მათ საფუძვლიანი არგუმენტები დაუგზავნეს ჩეხეთს, უნგრეთსა და პოლონეთს მიგრანტების განსახლების კანონიერი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.


15 ივლისს პოლონეთის პარლამენტმა კანონპროექტი მიიღო, რომლის თანახმადაც, მინისტრებსა და დეპუტატებს ეძლევათ იურიდიული უფლება, კონსულტაციის გარეშე დანიშნონ მოსამართლე. თუმცა აღნიშნულმა კანონმა უფლებადამცველებისა და ოპოზიციონერების უკმაყოფილება გამოიწვია. მათი თქმით კანონი კონსტიტუციურ პრინციპებს ეწინააღმრდეგება.