მარტივად მოსამზადებელი, უგემრიელესი ბადრიჯნის კერძი

  13:22:10     24-07-2017

ინგრედიენტები
  • ბადრიჯანი - 1 ცალი
  • ბერძნული იოგურტი - 200 მლ
  • ნიორი - 3 კბილი
  • ოხრახუში - 1 კონა
  • ყველი - 100 გ
  • მარილი
  • ზეითუნის ზეთი - 3 ს/კ

გარეცხეთ ბადრიჯანი და დაჭერით მრგვალ ნაჭრებად. მოაყარეთ მარილი და გააჩერეთ, რათა გამოუშვას წვენი.

ყველამ ვიცით, რომ შეწვისას ბადრიჯანი დიდი რაოდენობით ცხიმს იწოვს. იმისათვის, რომ არ ვავნოთ ჯანმრთელობას და ფიგურას, შეწვით წვენგასული და გაწურული ბადრიჯანი გრილის ტაფაზე მშრალად. ყველა მხრიდან.

თუკი არ გაქვთ სეპციალური ტაფა, მაშინ, უბრალოდ წაუსვით ზედაპირზე ცოტაოდენი ზეთი და ძალიან დაბალ ცეცხლზე შეწყვით ბადრიჯანი.. მთავარია ბოსტნეული დარბილდეს.

ასევე შეგიძლიათ შეწვათ მშრალად ღუმელში. ასე ბადრიჯანი ბევრად გემრიელი გამოვა.

სანამ შემწვარი ბადრიჯანი გაცივდება, მოამზადეთ სოუსი:

გარეცხეთ ოხრახუში და დაჭერით წმინდად (სურვილისამებრ, დაუმატეთ ბაზილიკი, კამა და ქინძი), გაატარეთ ნიორი პრესში.

გახეხეთ ყველი. ერთ ჯამში აურიეთ, მწვანილი, ნიორი, გახეხილი ყველი და ბერძნული იოგურტი. დაუმატეთ მწიკვი მარილი.

რჩევა: იოგურტის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ სქელი არაჟანი.

დაუმატეთ სოუსში ზეითუნის ზეთი და კარგად აურიეთ.

წაუსვით მიღებული სოუსი შემწვარ ბადრიჯნებს და დაალაგეთ გაშლილი თეფშზე.

გემრიელად მიირთვით!