“შვიდი სამურაი” ბრუნდება
10:25:55     05-05-2011
კომპანიამ “ძმები ვაინშტენები” აკირა კუროსავას “შვიდი სამურაის” რიმეიქის გადასაღებად რეჟისორი მონახა. “ Variety” – ის ინფორმაციით, ეს პატივი სკოტ მანს ხვდა წილად.
1954 წელს გამოსული კინოსურათის ორიგინალის სიუჟეტი მეთექვსმეტე საუკუნის იაპონიაში ვითარდება. ამ დროისთვის, ქვეყანაში, სადაც სამოქალაქო ომი მიმდინარეობს, ერთერთი სოფლის მცხოვრებლები მცველებად შვიდ სამურაის აიყვანენ.
ფილმ “შვიდი სამურაიზე” დაყრდნობით, 1960 წელს “ბრწყინვალე შვიდეული” გადაიღეს, სადაც მოქმედება ველურ დასავლეთში მიმდინარეობს. აქაც სოფლის მცხოვრებლები, დასახმარებლად, შვიდ კოვბოის დაიქირავებენ.
ფილმის ახალ ვერსიაში კი, მოქმედება ტაილანდში, ჩვენს ეპოქაში მიმდინარეობს. კინოსურათის ბიუჯეტი 60 მილიონი დოლარი იქნება. ცნობილია, რომ სცენარზე ჯონ ფასკო მუშაობს, გადაღებები კი უახლოეს მომავალში დაიწყება.