თეიმურაზ ბატონიშვილი (ბაგრატიონი)

  15:54:02     04-05-2011

1782 წლის 23 აპრილს (ახალი სტილით 4 მაისს) ქართლ-კახეთის ტახტის მემკვიდრის, გიორგი ბატონიშვილის ოჯახში დაიბადა მომავალი მწერალი, პოეტი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე და მეცნიერი თეიმურაზ ბატონიშვილი.

სამეფო ოჯახის წევრს შესანიშნავი განათლება მისცეს ცნობილმა მწერლებმა, დავით ალექსი-მესხიშვილმა, პეტრე ლარაძემ, დავით ჩოლოყაშვილმა. სწავლობდა თელავის სემინარიაში. იცოდა სპარსული, თურქული, ფრანგული, რუსული და იტალიური ენები.

    

1795 წელს მონაწილეობდა საქართველო-სპარსეთის ომში, რომელიც მერე აღწერა: "მოოხრება ქალაქის თბილისისა სპარსეთის ყაენის ყაჯარის აღა მაჰმად-ხანისგან". რუსეთის იმპერიის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს ვერაგულად გაუქმებით აღშფოთებული  1803 წელს ბიძამისთან, ალექსანდრე ბატონიშვილთან გაიქცა, რომელიც იმ დროს ჭარ-ბელაქანში იდგა. მაგრამ, რუსებმა დაამარცხეს ლეკური ჯარი.  

 

ალექსანდრე და თეიმურაზ ბატონიშვილები თავრიზში გაიქცნენ. აქედან ისინი თეირანში ჩავიდნენ, სადაც ბაბა-ხანის (ფათალი-შაჰი) დახმარების იმედიც მიიღეს.

 

რუსეთი ნაპოლეონის მოწინააღმდეგეთა კოალიციაში იყო. ნაპოლეონის საფრანგეთის წაქეზებით 1805 წელს ირანმა და 1806 წელს ოსმალეთმა საომარი მოქმედებები განაახლეს რუსეთის წინააღმდეგ. განსაკუთრებით აქტიურობდა ოსმალეთი. რუსული იმპერია იყენებდა ქართულ საომარს რესურს, ვინაიდან თავისი ჯარი კავკასიაში მცირერიცხოვანი ჰყავდა. ქართველების ხელით ებრძოდა თავის მტრებს. ალექსანდრე და თეიმურაზ ბატონიშვილებმა (და სოლომონ II-მ) ვერ შეძლეს მთელი ქართული რესურსის დარაზმვა. გარდა ამისა, ისინი დარწმუნდნენ, რომ ცუდად შეიარაღებული და ჩარმორჩენილი ოსმალები და განსაკუთრებით სპარსელები ვერაფერს დააკლებდნენ შედარებით თანამედროვე, კარგად შეიარაღებულ რუსულ ჯარს, რომელსაც, რაც მთავარია, აქტიურად ეხმარებოდნენ (ემსახურებოდნენ) ქართველი არისტოკრატები...

 

1810 წელს დაბრუნდა სამშობლოში. რუსეთის იმპერიის მესვეურებმა ქართლ-კახეთის ტახტის მემკვიდრის ძმის, უკანასკნელი მეფის გიორგი XII ვაჟისა და მათი მტრის დატოვება სამშობლოში სახიფათოდ ჩათვალეს და სანკტ-პეტერბურგში გაგზავნეს. რუსეთში დაუნიშნეს პენსია, როგორც ბატონიშვილს.

 

გზაში აღწერა ყოველივე, რაც ნახა, თბილისიდან სანკტ-პეტერბურგამდე. სანკტ-პეტერბურგში ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნიერო და ლიტერატურულ მოღვაწეობას. შემოიკრიბა პეტერბურგში მოღვაწე ქართველები. დაკავშირებული იყო რუსეთის მოწინავე საზოგადოებასთან, სადაც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. 1831 წელს ჩაირიცხა პარიზის სააზიო საზოგადოების ნამდვილ წევრად. 

 

თანამშრომლობდა ცნობილ ქართველოლოგთან, მარი ბროსესთან. რომელსაც დიდი დახმარება გაუწია. მარი ბროსე მის მოწაფედ თვლიდა თავს. იმოგზაურა ევროპაში, როელიც აღწერა ნაშრომში "მოგზაურობა ჩემი ევროპიისა სხვათა და სხვათა ადგილთა”. ოცნებობდა საქართველოში გაეხსნათ სასწავლებელი უცხო ენების შესასწავლად.

 

1837 წელს აირჩიეს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრად. როგორც ვთქვით, იყო პარიზის სააზიო საზოგადოების, საფრანგეთის თავისუფალი ხელოვნების აკადემიის წევრად და ასევე, კოპენჰაგენის სამეფო ანტიკვართა საზოგადოების წევრი.

 

თეიმურაზ ბაგრატიონი გარდაიცვალა 1846 წლის 25 ოქტომბერს (ახალი სტილით 5 ნოემბერს). დაკრძალულია ალექსანდრე ნეველის ლავრაში, თავისი უფროსი ძმის, დავითის გვერდით.

 

მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა საკმაოდ მდიდარია - ლექსები (“სამოცეული“), პოემა ("ოქროს ვაშლი"), პიესა ("სამსახეობა რაინდისა"). თარგმნილი აქვს არისტოტელეს, ტაციტუსის, ციცერონის, ვოლტერის, ნაპოლეონის, პუშკინის, დოსითეოზ პატრიარქისა და სხვების თხზულებანი. აქვს ნაშრომები ფოლკლორისტიკაში, პოეტიკასა და ლექსიკოგრაფიაში. ისტორიული შრომებიდან აღსანიშნავია მონოგრაფიაისტორიის დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოსა“.

 

განსაკუთრებულია მისი ღვაწლი "ვეფხისტყაოსნის" მეორე გამოცემის მომზადებაში, რომელიც 1841 წელს გამოვიდა („განმარტება პოემა ვეფხისტყაოსანისა“, ქმნული მეფის გიორგი მეცამეტის ძის თეიმურაზის მიერ, კავალერიისა და ს(რულია)დ როსიის ს(ანკტ)- პეტერბურგის აკადემია ნაუკისა, პირველთა ჩვენთა შორის აღრიცხულისა პოჩეტნიი ჩლენისა და დანიის საკოროლოს კოპენღაღანის სამეფოს საანტიკვაროსა შეკრებულებასა შინა, პირველთა ჩლენთა შორის დაწესაბულისა და პარიჟისა სოსიეტე აზიატიკის ჩლენისა".).  

 

ასევე დიდი დამსახურება აქვს თეიმურაზ ბაგრატიონს ქართული დამწერლობისა და შრიფტის განვითარებაში. მან აღზარდა ცნობილი ქართველოლოგები: პლატონ იოსელიანი, დავით ჩუბინაშვილი, სოლომონ დოდაშვილი და სხვები.

 

შეგროვებული ჰქონდა უნიკალური კოლექცია. მისი უმდიდრესი ბიბლიოთეკიდან ზოგიერთი უნიკალური ხელნაწერი საქართველოს დაუბრუნდა.