შსს: უზნაძეზე მოკლული გოგონას მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბრალდებას აღიარებს

  13:37:53     18-07-2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 19 წლის გოგონას მკვლელობისთვის მისი ბიძაშვილი დააკავეს. შსს-ს ცნობით, 1995 წელს დაბადებული რ.ა ბრალდებას აღიარებს. 

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 ივლისს თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში, თავის მამიდაშვილს - 1998 წელს დაბადებულ ა. ხ.-ს ცივი იარაღით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა რ.ა. მომხდარიდან მეორე დღეს ფოთში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს" - აცხადებს შსს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს. 

შეგახსენებთ, უზნაძის ქუჩაზე 19 წლის გოგონას ცხედარი გუშინ იპოვეს. ის ბინაში დეიდასთან და ბიძაშვილ ბიჭთან ერთად ცხოვრობდა. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, დეიდა დასასვენებლად ფოთში წავიდა.