გააძევებენ თუ არა აშშ-დან რუს დიპლომატებს?

  11:57:18     17-07-2017

დღეს ვაშინგტონში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ტიმას შენონი მოლაპარაკებებს გამართავენ. შეხვედრის მთავარი თემა, აშშ-დან რუსი დიპლომატების გაძევება და რუსეთის დიპლომატიური საკუთრების ჩამორთმევის საკითხი იქნება.

თეთრი სახლის ადმინისტრაციამ აღნიშნულ თემაზე  შემდეგი კომენტარი გააკეთა: „აშშ არ დააბრუნებს რუსეთის დიპლომატიურ საკუთრებას, თუ ამის სანაცვლოდ რამეს არ მიიღებს“.

გავრცელებული ინფორმაციით, თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან,   მოსკოვი ვაშინგტონს საპასუხო ნაბიჯებით უპასუხებს. 

რამდენიმე დღის წინ, რუსულმა მედიამ განაცხადა, რომ მოსკოვი, აშშ-ის მიერ დანიშნული სანქციების გამო, მზადაა ქვეყნიდან 30 ამერიკელი დიპლომატი გააძევოს და ამერიკულ კუთვნილებას რუსეთში,  ყადაღა დაადოს.  მსგავსი ზომები რუსეთმა ვაშინგტონის გადაწყვეტილების გამო მიიღო, რომელსაც რუსული საელჩო გასული წლის დეკემბრიდან აქვს დაკავებული.  

გადაწყვეტილება კი ასეთი იყო: ბარაქ ობამას ადმინისტრაციამ რუსეთს მორიგი სანქციები დაუწესა, რომლის ფარგლებში აშშ-ში რუსეთის დიპლომატიური მისიის 35 თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა, ნიუ-იორკსა და მერილენდის შტატებში კი რუსეთს დიპლომატიური აგარაკები ჩამოართვეს. 

ვაშინგტონში გამართული კონსულტაციების წინასწარი ვარაუდები სხვადასხვაგვარია.