სტიქია ზემო რაჭაში - რიონი კალაპოტიდან გადავიდა

  17:37:02     06-07-2017

ზემო რაჭაში ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებული მდინარე რიონი კალაპოტიდან გადავიდა და ქალაქ ონში ნაპირსამაგრები დააზიანა. რიონმა საფრთხე შეუქმნა როგორც ქალაქს, ასევე ზემო რაჭის რამდენიმე სოფელს. 

ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, მდინარემ დააზიანა საგლოლო-ღების საავტომობილო გზის მონაკვეთი, რის გამოც სოფელი ღები მუნიციპალიტეტის ცენტრს მოწყდა. ამჟამად სოფელში მისასვლელი გზა აღდგენილია. ზემო რაჭაში ადიდებულმა მდინარეებმა სოფელ გონაში ორი საავტომობილო ხიდი დაანგრია. სტიქიის შედეგად კურორტ უწერაში ნაპირსამაგრი დაზიანდა, რის გამოც სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ნაწილი და მინერალურ წყალ „ნაპერწკალას“ მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა. 

მუნიციპალიტეტის გამგეობის გავრცელებული ინფორმაციით, საგლოლო-ღების, ასევე ქუთაისი – ალპანა – შოვი – მამისონის სახელმწიფო გზის მონაკვეთებზე მეწყრული კერებია წარმოქნილი. მდინარე რიონმა ასევე დააზიანა სოფელ გომთან მისასვლელი ხიდის ბურჯი.

 ადგილზე არსებულ მდგომარეობას სპეციალური სამუშაო ჯგუფი სწავლობს და ამჟამად სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან.