4 მაისს გაიმართება კობა ჭუმბურიძის პოეზიის საღამო
12:50:20     02-05-2011
ამა წლის 4 მაისს, ოთხშაბათს, 18 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება კობა ჭუმბურიძის პოეზიის საღამო.
მისამართი: გუდიაშვილის ქ. 7 (III კორპუსი).
კობა ჭუმბურიძის შესახებ ჩვენს მკითხველს ვესაუბრეთ რამდენიმე დღის წინ, რუბრიკაში - XXI საუკუნის ქართული პოეზიიდან, დაიბეჭდა ინტერვიუ პოეტთან და მისი ლექსი "ლუარსაბ მეფისა” (ციკლიდან - მეფეთა წიგნი). თუმცა მისი შემოქმედების შესახებ ამომწურავი მასალის გადმოცემა ძნელია. ამიტომ, ქართული პოეზიის მოყვარულებს და ჩვენს მკითხველებს ვეპატიჟებით პოეტის საღამოზე, რომელიც ასინტერესო სურპრიზებს გვპირდება.
აღდგომისა
სამრეკლონი სააღდგომოს რეკენ,
ქრისტე აღსდგა!
გიხაროდენ!
ნანდვილ!
და მაცხოვრის საფლავიდან ჩვენკენ
წმინდა ცეცხლი მოდის კანდელ-კანდელ.
დღეს მესია მოესავთა მისთა
სულს გაუთბობს და მოუკლავს წყურვილს,
მიუტევებს მიტევების ღირსთა
მესალბუნე სააქაო ურვის.
ადამის ძის აუტანელ ცოდვებს
ღვთაებრივი მოთმინებით იტანს,
და გათოშილ დედამიწას მოჰფენს
სიკეთის და სიყვარულის დვრიტას,
იმედი და სიხარული რეკავს
გულებიდან, ტაძრებიდან, ციდან,
შუკა-შუკა დაუფანტავს ექოს -
დოუნ! დოუნ! ტიდან-ტიდან-ტიდან!
რა გოლგოთა გაიარა ჩვენთვის,
სიკვდილი და ამაღლება ცამდინ,
სამრეკლოთა გუგუნ-წკრიალს ერთვის -
ქრისტე აღსდგა!
გიხაროდენ!
ნანდვილ!
ფარსმან მეფისა
(ციკლიდან - მეფეთა წიგნი)
ერთხელ, ოდეს სათარეშოდ მოგვაკითხა მტერთა დასმა, წუწკი ურდოს შესამუსრად ქუდზე კაცი აღიკაზმა.
ტრიამელზე აბანაკა უთვალავი სპაი სპარსმან.
უზანგებზე შემართული ჯარს მიმართავს მეფე ფარსმან:
- ლომნო ჩემნო, ერთი გახეთ ამ დასეტყვილ ცხვართა ფარას, აღსასრულის საპოვნელად რა მანძილი დაუფარავს!
ატორტმანდა სპა იბერთა, შესარკენად მოიმართა, შორით უწევს კვესა თვალთა ჟინმორეულ მეომართა.
თვალუწვდენი მტრის ბანაკი ღიმილსა ჰგვრის იბერიონს: – პართის ჯარი, თუნდ ათმაგი, რაგვარ უნდა მოგვერიოს?
დავლურისთვის ემზადება ორთავე ფრთის სპასალარი, დაფეთებულ გადამთიელს რომ არ დარჩეს წასავალი.
მეწინავეც თავს იოკებს და ძლივასღა ბორკავს ჰუნეს, იერიშის მოლოდინში გული რისხვით უბაგუნებს.
ბორგავს რაზმი და გუგუნებს, ვიდრე ომში გაილაღებს, აჟღარუნებს ლაბარუმებს, აბრიალებს ბაირაღებს.
ბრაზი ემატება ხმაში ღოროტოტო-ქანარასა.
შეატოტა მეფემ რაში, შეუმზადა კამარასა.
სპერიმურზე დასცეს დრაში, დაიქუხეს: – ჰკა მაგასა!
ჰაი გიდი! ამ ჩვენს დროში რას იხილავ დამაგვარსა…
ჩემი ერის შვენიერი ხატი არის მეფე ფარსმან.
რა ამაგი დაგვდო კაცმან, ვერ ჯეროვნად დანაფასმან, რა ომები გარდიხადა უშიშმან და ბუმბერაზმან, ვერ თქვას მისი ღირსი აზმა ოქროპირმან ბარე ასმან.
საქმე მისი საოცარი სილაღეა ჩემი გენის, აწმყოსა და მომავალში მარგი კიდევ რაოდენის. იბერთათვის იმსიფართის გზასავალი გაუკვალავს, ორიათას წელს გამოღმა არ ასვენებს ფიქრს და კალამს.
მისი სიმხნე გამოვიხმე, რაიც ალბათ მომცემს ძალას, იმდაგვარი საქებარი ლექსი ვუმკო მტერთა მრეტებს, ქართველი რომ ერთ პატარა სადღეგრძელოდ დაიბედებს.