რუსეთში ნავალნის შტაბის უფროსი ლეონიდ ვოლკოვი დააკავეს

  18:10:38     22-06-2017

TV Rain-ის ინფორმაციით, რუსმა სამართალდამცველებმა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის შტაბის უფროსი ლეონიდ ვოლკოვი დააკავეს, რის შესახებაც „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ იურისტმა Twitter-ზე დაწერა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ვოლკოვის დაკავების მიზეზი 12 ივნისს მოსკოვში გამართული საპროტესტო აქციის ორგანიზატორობაა. ვოლკოვი საპატიმროში 5 დღეს გაატარებს.

12 ივნისს, დღისით, მოსკოვში დაგეგმილი ანტიკორუფციული საპროტესტო აქციის წინ, ნავალნი საკუთარი სახლის სადარბაზოსთან დააკავეს. მას პოლიციის თანამშრომლების მიმართ დაუმორჩილებლობასა და მასობრივი ღონისძიების ორგანიზების წესების განმეორებით დარღვევაში დასდეს ბრალი და 30 დღით დააპატიმრეს.

რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ 2016 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებს რუსეთის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. თუმცა, რუსეთში მოქმედი კანონით ეს შუძლებელია, რადგან ნავალნი გასამართლებულია „კიროვლესის“ საქმეზე. მიუხედავად ამისა, ის კამპანიას მაინც აწარმოებს.