„ტრამპს ჯეიმს კომისგან არასოდეს მოუთხოვია ერთგულება“

  12:24:36     09-06-2017

გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელმა ჯეიმს კომიმ რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც ის ამბობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მისგან პირად ერთგულებას ითხოვდა, თუმცა ამას ტრამპის ადვოკატი მარკ კასოვიცი უარყოფს და აღნიშნავს, რომ „ტრამპს არასოდეს მოუთხოვია მისგან ერთგულება“. მისივე განცხადებით, პრეზიდენტს არასოდეს არ უბრძანებია და არც ურჩევია კომისთვის შეეჩერებინა გამოძიება.

ჯეიმს კომი გუშინ სენატის დაზვერვის კომიტეტის მოსმენებზე იმყოფებოდა, სადაც განაცხადა, - „ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია, ეს საკითხი არც  რესპუბლიკელებს და არც  დემოკრატებს ეხებათ,  ეს პირდაპირ კავშირშია აშშ-ის უსაფრთხოებასთან“.

FBI-ის ყოფილი ხელმძღვანელის, ჯეიმს კომის მოსმენის მიმდინარეობისას, კომი აცხადებდა, რომ პრეზიდენტი მას ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში ყოფილი მრჩევლის მაიკლ ფლინის წინააღმდეგ საქმის გამოძიების შეწყვეტას მოითხოვდა, რომელიც აშშ-ში რუსეთის ელჩ სერგეი კისლიაკთან კონტაქტების დამალვაშია ეჭვმიტანილი. „იმედი მაქვს, თქვენ თავს დაანებებთ გამოძიებას და ფლინს, ის კარგი ბიჭია,“- კომის თქმით ასე მიმართა ტრამპმა მას.

„ძალიან გავოცდი, როდესაც ტელეარხებიდან ჩემი გადაყენების შესახებ შევიტყვე, რუსეთთან დაკავშირებული გამოძიების გამო“-თქვა ჯეიმს კომმა.