ოთხი არაბული სახელმწიფო ყატართან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს

  10:28:56     05-06-2017

ოთხმა არაბულმა სახელმწიფომ - საუდის არაბეთმა, ბაჰრეინმა, ეგვიპტემ და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ყატართან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ განაცხადება გააკეთეს.

არაბულმა კოალიციამ, რომელიც იემენში ამბოხებულებთან ბრძოლისთვის შეიქმნა, ყატარი ტერორისტულ ორგანიზაცია „ალ-ქაიდასთან“ და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში დაადანაშაულა. სწორედ ეს გახდა ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი.

BBC-ის ინფორმაციით, ერ რიადმა ყატართან სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო საზღვარი ჩაკეტა.  ყატართან მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება  ეგვიპტემაც მიიღო. 

ყატარსა და მის მეზობლ სახელმწიფოებს  შორის კონფლიქტი ელ-რიადში გამართული აშშ-სა და სპარსეთის ყურის ქვეყნების სამიტიდან ერთ კვირაში განვითარდა.

არაბული ქვეყნების სამიტზე  ირანი მტრული პოლიტიკის წარმოებაში დაადანაშაულეს. მოგვიანებით, ყატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სააგენტოს ვებგვერდი გატეხეს და ემირის სახელით განცხადება ჰაკერებმა გაავრცელეს. თუმცა არაბულმა ქვეყნებმა ეს მიზეზი არ დაიჯერეს.

არაბეთის გაერთანებული საამირობის მთავრობამ ყატარელ დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად 48-საათიანი ვადა მისცა.