რომელია თბილისში ყველაზე კრიმინალური უბნები? - სტატისტიკა

  12:44:01     02-06-2017

რომელია თბილისში ყველაზე კრიმინალური უბნები და სად ხდება ყაჩაღობის და ქურდობის მეტი შემთხვევები? 2014-2016 წლის სტატისტიკის მიხედვით, ამ პერიოდში თბილისში რეგისტრირებულია ყაჩაღობის 512 და ქურდობის 13 219 ფაქტი. 

მონაცემებს ifact.ge აქვეყნებს.

უბნების მიხედვით ყველაზე მეტი - 161 ყაჩაღობის ფაქტი ამ ორ წელიწადში ისანი-სამგორის რაიონში დაფიქსირდა. აქედან გახსნილია - 107 შემთხვევა. 

რაც შეეხება სხვა უბნებს, 2014 წლიდან 2016 წლის ნოემბრამდე 151 ყაჩაღობის ფაქტია რეგისტრირებული გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში, საიდანაც 104 შემთხვევაა გახსნილი. ყაჩაღობის 106 შემთხვევა დაფიქსირდა ვაკე-საბურთალოს რაიონში და სამმართველომ აქედან 74 საქმე გახსნა. ძველი თბილისის სამმართველოში ყაჩაღობის 57 ფაქტი (გახსნილია - 48); დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში კი 30 (გახსნილია - 17) შემთხვევაა რეგისტრირებული. 

რაც შეეხება ქურდობას, 2 წლის მანძილზე ყველაზე მეტი 4 236 ფაქტი ვაკე-საბურთალოს რაიონში დაფიქსირდა. აქედან გახსნილია 1 515 საქმე. 2 931 ქურდობის ფაქტი დაფიქსირდა ისანი-სამგორის სამმართველოში (გახსნილია - 1546); 2 713 შემთხვევაა რეგისტრირებული გლდანი-ნაძალადევის რაიონში (გახსნილია 1 157); ქურდობის 1 783 ფაქტი დაფიქსირდა ძველი თბილისის სამმართველოში (გახსნილია - 975); 1 436 შემთხვევა დაფიქსირდა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოში, აქედან გახსნილია 664 ფაქტი.