როგორ ეხმაურებიან მსოფლიოს ლიდერები აშშ-ის მიერ პარიზის კლიმატის ცვლილებების ხელშეკრულებიდან გამოსვლას?

  11:05:10     02-06-2017

შეერთებული შტატების პრეზიდენტი  პარიზის კლიმატის ცვლილებების ხელშეკრულებას გამოეთიშა. „იმისათვის, რომ შევასრულო ჩემი ძირითადი მოვალეობა, რაც ამერიკისა და მისი მოქალაქეების დაცვაში გამოიხატება, შეერთებული შტატები პარიზის კლიმატის ცვლილებების ხელშეკრულებას გამოეთიშება, შტატები ქვეყნისთვის უფრო მომგებიანი შეთანხმების გაფორმებაზე დაიწყებს მოლაპარაკებებს“-განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აღნიშნულმა ფაქტმა მსოფლიო ლიდერების შეშფოთება გამოიწვია. ქვეყნები, საერთაშორისო ორგანიზაციები და პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ამერიკის გადაწყვეტილება სახიფათო და სამწუხაროა. 

შეთანხმება, რომელიც 2015 წელს გაფორმდა, ამ სფეროში ყველაზე სერიოზულ დოკუმენტად არის მიჩნეული, რომელსაც მისი მხარდამჭერები "კაცობრიობის მომავალს" უწოდებდნენ. ამიტომ დოკუმენტის მხარდამჭერებმა,  ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შეთანხმების დატოვებას "შავი დღე მწვანეებისთვის" შეარქვეს.

ტრამპმა მსოფლიო ლიდერებს პირადად აუხსნა თავისი გადაწყვეტილების მიზეზი. „ ამერიკა ძველებურად ტრანსატლანტიკური ალიანსის და გარემოს დაცვის გადაწყვეტილებების ერთგულია, ამერიკამ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ნარჩენების გავრცელების შემცირების კუთხით. ჩვენი ქვეყანა,  ეკოლოგიურად სუფთა ენერგეტიკის ტექნოლოგიების განვითარებას უწყობს ხელს. ჩემი  მმართველობის დროს აშშ მსოფლიოს ყველაზე სუფტა და ეკოლოგიური სახელმწიფო გახდება“. მან ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმებაში დაბრუნება შესაძლებელი გახდება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებული პირობები შეიცვლება, რადგან დღევანდელი "უსამართლოა". 

მთავრობის ნაბიჯს ამერიკაშიც გამოეხმაურნენ. The Walt Disney Company-ის ხელმძღვანელმა რობერტ იგერმა პროტესტის ნიშნად პრეზიდენტთან არსებული საბჭო დატოვა. იმავე გადაწყვეტილება მიღო ასევე ბიზნესმენმა ილონ მასკიმ. "მომავალზე უარის თქმა" უწოდა გადაწყვეტილებას აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, რომელმაც შეთანხმებას ხელი მოაწერა. თეთრ სახლთან უკვე ასობით ადამიანი გამოვიდა ტრამპის გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად. 

ვაშინგტონის გადაწყვეტილების გამო იმედგაცრუება გამოხატეს  ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ, კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ, იტალიის გარემოს დაცვის მინისტრმა ჯან ლუკა გალეტიმ, ავსტრიის ეკოლოგიის მინისტრმა და იტალიის ყოფილმა პრემიერმინისტრმა მატეო რენციმ.

ტრამპის ნაბიჯს კი სამწუხარო უწოდეს გერმანიამ და საფრანგეთმა. საფრანგეთში, ამერიკის გადაწყვეტილების პასუხად, პარიზის და მონრეალის მერიის შენობები მწვანე ფრად გაანათეს. „მე პატივს ვცემ ტრამპის გადაწყვეტილებას, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს ჩვენი პლანეტის წინაშე დაშვებული შეცდომაა, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა. გაეროში, აშშ-ის ნაბიჯი შეაფასეს, როგორც დიდი იმედგაცრუება. ვაშინგტონის შეთანხმებიდან გასვლა გაეროს პროცედურების თანახმად უნდა წარიმართოს და სავარაუდოდ ამას ოთხი წელი დასჭირდება.  ტრამპმა ამ გადაწყვეტილების მთავარ მიზეზად, ამერიკისა და მისი მოქალაქეების დაცვა დაასახელა. „დღეიდან აშშ შეწყვეტს პარიზის სარეკომენდაციო შეთანხმების შესრულებას და მოიშორებს დრაკონულ ფინანსურ და ეკონომიკურ ტვირთს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აწვება. ეს მოიცავს წვლილის შეტანას გაერო-ს მწვანე კლიმატურ ფონდში, რაც ჩვენს ქვეყანას ძალიან ძვირი უჯდება“- აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

პარიზის კლიმატური ცვლილებების შესახებ ხელშეკრულება, რომელსაც საფრანგეთის დედაქალაქში მსოფლიო ლიდერებმა მოაწერეს ხელი, სათბური აირების შემცირებას ითვალისწინებს. ეს დოკუმენტი პირველი გლობალური კლიმატური შეთანხმებაა, რომელსაც 2015 წელს პარიზში 194-მა ქვეყანამ მოაწერა ხელი.