რუსეთმა ორ ესტონელ დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა

  14:38:33     01-06-2017

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ  ხუთი მოლდოველი დიპლომატი „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა,  ამის შემდეგ კი რუსეთმა ქვეყნის დატოვება  ორ ესტონელ დიპლომატსაც მოსთხოვა. კერძოდ კი საუბარია  ესტონეთის გენერალურ კონსულზე სანკტ-პეტერბურგში იანუს კირიკმიაეზე და სანკტ-პეტერბურგში ესტონეთის გენერალური საკონსულოს ფსკოვის კანცელარიის ხელმძღვანელზე კატრინ კანარიკზე.

რუსეთის საგარეო უწყებამ ეს გადაწყვეტილება ესტონეთისა და მოლდოვის მთავრობების მიერ რუსი დიპლომარების გაძევების საპასუხოდ მიიღო. 

ესტონელმა დიპლომატებმა რუსეთის ტერიტორია ხუთი დღის განმავლობაში უნდა დატოვონ.   მოსკოვი მომხდარზე პასუხისმგებლობას ესტონეთის ხელისუფებას აკისრებს. 

ესტონეთის ხელისუფლებამ ორი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება 26 მაისს მიიღო.

მოლდოვის პრეზიდენტის იგორ დოდონის განაცხადებით, რუსეთსა და მის ქვეყანას შორის ასეთი დაძაბული ურთიერთობა ბოლო 25 წლის განმალობაში არ ყოფილა.