ლიბიელი ამბოხებულები იარაღს ყიდიან

  10:52:34     28-04-2011

ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის ქალიშვილი აიშა მიიჩნევს, რომ ამბოხებულები ამერიკელების ნაჩუქარ იარაღს ტერორისტულ ორგანიზაციებზე, “ჰამასზე” და “ჰეზბოლაზე” ჰყიდიან. ამის შესახებ ქალბატონმა “ნიუ-იორკ თაიმსისთვის” მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

აიშა კადაფის თქმით, მამამისის ხელისუფლებიდან წასვლის შემთხვევაში, ქვეყანას ქაოსი და ანარქია ემუქრება. ლიბიის ლიდერის ქალიშვილის აზრითვე, ამბოხებულები თავად არიან ტერორისტები. აიშა ირწმუნება, რომ ოპოზიციას, რიგი მიზეზების გამო, სიტუაციის მშვიდობიანი დარეგულირება ხელს არ აძლევს.

 

მცირე ხნით ადრე, ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ბრძანებით, ლიბიელ ამბოხებულებს 25 მილიონი დოლარი გაეგზავნათ. ოფიციალურად, ეს თანხა მედიკამენტებისა და პროდუქტების შესაძენად იყო განკუთვნილი, მაგრამ კადაფის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მტკიცებით, რეალურად, ის იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენას მოხმარდა.