რუსულ კინოკომპანიას ქართველი უხელმძღვანელებს
10:46:08     28-04-2011
რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის კინოკრიტიკოსი და ტელეწამყვანი ეკატერინე მწითურიძე “სოვექსპორტფილმის” ხელმძღვანელი გახდა. ეს კომპანია რუსული კინოს უცხოეთში გატანასა და პოპულარიზაციას ემსახურება. ინფორმაცია მწითურიძის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ, ჟურნალისტებს რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტროს კინემატოგრაფიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვიაჩესლავ ტელნოვმა აცნობა.
მცირე ხნით ადრე, რუსეთის კულტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ ამ კომპანიის რეორგანიზაციას აპირებს, რათა მან მუშაობა უფრო მეტად გააქტიუროს და მოღვაწეობაში ახალი ფორმები და მეთოდები დანერგოს.
ტელნოვის განცხადებით, მწითურიძე საუკეთესო კანდიდატურაა საამისოდ და კინემატოგრაფიის დეპარტამენტი მის დანიშვნას მიესალმება.
როგორც ცნობილია, წარმატებული ქართველი ტელეწამყვანი, რომელიც რუსეთსა და ევროპაში, კინოს სფეროში ერთერთ ყველაზე კომპეტენტურ სპეციალისტად ითვლება, 1996 წლიდან ამზადებს საავტორო რუბრიკას პირველ არხზე, სახელწოდებით “ეს კინოა”. მწუთურიძე არის ასევე პროგრამა “დილა მშვიდობისას” წამყვანი და კინოს სიახლეებს აცნობს მაყურებელს.