გალაკტიონს მასწავლებლობა “საძაგელ საქმედ მიაჩნდა”
14:16:49     27-04-2011
1910 წელს გ. ტაბიძე თბილისის სასულიერო სემინარიაში შევიდა. აქვე შეუდგა ხელნაწერი ჟურნალის - „შუქის“ გამოცემას. გალაკტიონმა სემინარია მალევე მიატოვა და მასწავლებლად დაიწყო მუშაობა სოფელ ფარცხნალის სამრევლო სკოლაში. მიზეზი მისი ხელმოკლეობა გახლდათ, სიღარიბე.
გალაკტიონს უთხოვია, იმერეთის ეპარქიის სამრევლო სკოლების მთავარი მეთვალყურესათვის, ცნობილი ისტორიკოსისთვის, თედო ჟორდანიასთვის, დაენიშნათ სამრევლო სკოლაში მასწავლებლად. თედო ჟორდანიამ დააწყებინა მუშაობა, შორაპნის მაზრის სოფელ ფარცხნალის სამრევლო სკოლაში. Fფარცხნალი, ხარაგაულიდან 4 კილომეტრში მდებარეობს. სოფლის შუაში, კვირაცხოვლობის ეკლესიის ეზოში იდგა სოფლის სკოლა.
ამ დროს მომავალი მეფე პოეზიისა სულ ახალგაზრდა გახლდათ. გალაკტიონი დაიბადა 1891 წლის 17 ნოემბერს. მაშასადამე 19 წლისა იქნებოდა. ახალგაზრდა გალაკტიონისადმი სოფლის მაცხოვრებლები და მოწაფეები პატივისცემით განიმსჭვალნენ. სკოლაში მართავდა ლიტერატურულ შეხვედრებს. მისი მოწაფეები კითხულობდნენ ლექსებს. გალაკტიონის მასწავლებლად მოღვაწეობის განცდები და მნიშვნელობა გადმოცემულია ლექსში "პირველი ენკენისთვე":
... "ხალხო ბედკრულო! მე მიჭირავს ხელში სანთელი,
არ შეუდრკება საშინელ ხვედრს მასწავლებელი!
იმ სანთლის პოვნას განუსჯელად სიცოცხლე მივე,
ვერას დააკლებს უგნურთ მტრობა, შიმშილ-სიცივე!
მე ვიტყვი სიტყვას, მე გაგითბობთ შეცივებულ გულს,
დეე, თან მდევდეს მკაცრი ხვედრი, თქვენს მარად ერთგულს!
თქვენ აღგამაღლებსთ ჩემი ზრუნვა თბილი და წრფელი,
არ შეუდრკება საშინელს ხვედრს მასწავლებელი!.."
ლექსი დაიბეჭდა ჟურნალ "განათლებაში" 1911 წელს (№ 7). ამ ლექსის მიხედვით, როგორც ამბობს იოსებ ლორთქიფანიძე, გალაკტიონი მასწავლებლობას სერიოზულად უდგებოდა, თუმცა ძნელად და "საძაგელ საქმედ" მიაჩნდა. მასწავლებლობა ხომ ურთულესი პროფესიაა. ალბათ, როგორც დღეს, პედაგოგობა მაშინაც უმადური და დაუფასებელი საქმე იყო, თუმცა ძალიან პრესტიჟული და პატრიოტული.
პოეტი მერე იგონებდა: "როცა სემინარიიდან გამოვედი, სადგურ ხარაგაულის ახლო, ერთ პატარა სოფელში, მასწავლებლის ადგილი მომცეს. კვირა-უქმე დღეებში სოფლის სადგურზე ჩამოვდიოდი, აქ თავს იყრიდნენ ჩემი ამხანაგი მასწავლებლები... საღამოობით თფილისიდან მატარებელი ჩამოივლიდა და ისეც ერთგვარ სიამოვნებას გვგვრიდა. სრულიად მოულოდნელად რომელიმე ნაცნობი გადმოვიდოდა მატარებლიდან... მოგვიტანდა თბილისის ამბებს, გვეტყოდა რამეს ნაცნობების შესახებ.…
ერთხელ დიდხანს ვიდექით სადგურზე... ვსაუბრობდით, ვიცინოდით... მატარებელი მოვიდა, ჯგუფი ახალგაზრდა ქალებისა იდგა და მგზავრებს ათვალიერებდა. ამ დროს მატარებლის მეორე კლასის ფანჯარა ჩამოიწია. კუპედან ღმერთივით გადმოიხედა ბამბის ქულასავით ჭაღარამ, ოლიმპიურად ამაყი სახის მქონე მოხუცმა...
- აკაკი! - ჩაილაპარაკა ვიღაცამ.
ელექტრონის ძალასავით იმოქმედა ამ სიტყვამ ყველაზე. ერთხანად გაშეშებულნი ვიდექით. მე თვალებით ვჭამდი ამ სახეს. აკაკიმ წაიკითხა სადგურის შენობაზე მიკრული სახელწოდება და ფანჯარა ისევ დახურა. ვხედავდი, რომ იგი დინჯათ გადაეშვა სავარძელში. ყველანი ამ კუპესაკენ გაექანნენ... ბევრმა მატარებელში შესვლაც მოინდომა. დაიკივლა ამ დროს მატარებელმა, მისცეს მესამე ზარი და მატარებელი გუგუნით გაექანა სიპივით დალესილ რელსებზე. დიდხანს დაყრუებულივით ვიდექი".
ამ ეპიზოდიდან კარგად ჩანს, როგორი დიდი სიყვარულით იყო განმსჭვალული ქართველობა აკაკისადმი. ჩანს გალაკტიონის დამოკიდებულებაც დიდი პოეტისადმი. რა იცოდა აკაკიმ, რომ მისი მემკვიდრე იდგა იქ, უბრალი სკოლის მასწავლებელი...
სოფლის სკოლაში მუშაობის დროს, რა თქმა უნდა, გალაკტიონი ბევრს წერდა და თანამშრომლობდა სხვადასხვა გამოცემებთან. თუმცა, გალაკტიონს მეტი მასშტაბები სჭირდებოდა, ბევრი დრო და მოცალეობა, მას ხომ ქართულ პოეზიაში მეფური სიტყვა უნდა ეთქვა. ცოტა ხანს ბათუმშიც მუშაობდა მასწავლებლად. 1911 წელს ქუთაისში გადავიდა. 1912 წელს გაზეთ "თემის" ლიტერატურულ კონკურსში გალაკტიონის ლექსმა, "უხილავი", მესამე პრემია მიიღო. ასე დაიწყო პოეზიის მეფის ტახტისკენ სვლა.
უხილავი
(აივაზოვსკის სურათის წინ)
"მე სული ვარ შემომქმედი შეუზღუდველ სულთა თანა,
სამუდამო, - როგორც ღმერთი, დაუძლევი, ვით სატანა,
ყოფნამ ყოფნას უკვდავება უხილავად დაატანა,
თქვენ, მიწაზე, უკვდავება გიკვირთ განა, შეგშურთ განა?
ერთი ხელით ხომლს დავხატავ, მთვარეს მოვხვევ ოქროს სხივებს,
სიბნელისგან მზის შუქს გავყოფ ოქროსფერად ანამძივებს,
ერთის სუნთქვით დედამიწას გადავაფრქვევ ნაზ ყვავილებს.
მთას გრიგალი დაუბერავს, ააკვნესებს, ააკივლებს...
უხილავი ყველგან სუფევს, უხილავი ყველგან გეძებს,
უხილავი გაგახარებს, უხილავი აგაკვნესებს.
დედამიწავ! სული არის შეუზღუდველ სულთა თანა,
სამუდამო, როგორც ღმერთი, გაბედული, ვით სატანა".