უმუშევრობა და გაკოტრება ჯანმრთელობის სანაცვლოდ

  12:27:20     22-05-2017

თამბაქოს შესახებ კანონის მიღებას დადებითთან ერთად უარყოფითი შედეგებიც მოჰყვება. მაგალითად, დაიხურება უამრავი ჯიხური, ბარი, მაღაზია, რაც ცხადია, ქვეყანაში უმუშევრობას კიდევ უფრო გაზრდის, ხოლო სოციალურ ფონს - დაამძიმებს.

ორგანიზაცია "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის -აფბა"-ს ვიცე-პრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი სწორედ ამ გარეოებებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს: 

"მათთვის ვინც ძალიან კმაყოფილია თამბაქოს შესახებ კანონის მიღებით: ზოგადად მოწევის შემცირებისკან გადადგმული ყველა ნაბიჯი მისასალმებელია, თუმცა არა ეკონომიკისა და ბიზნესის ხარჯზე. მოკლე მიმოხილვა იმ ეკონომიკური ეფექტებისა, რომელსაც „თამბაქოს შესახებ კანონი" მოიტანს. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ კანონი ეკონომიკურად განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს ურტყამს. კანონის ერთ-ერთი რეგულაციით მოხდება თამბაქოს რეალიზაციის დროს მისი გარე და შიდა ხილვადობის აკრძალვა. 

ეს ერთი შეხედვით უწყინარი რეგულაცია სერიოზულ საფრთხეს უქმნის, იმ მცირე მაღაზიებს, რომელთა შემოსავლის დიდი ნაწილი დამოკიდებულია, სწორედ სავაჭრო დაწესებულებებში განთავსებულ თამბაქოს „სტენდებზე", იმდენად რამდენადაც, მცირე მაღაზიები თამბაქოს კომპანიებისსგან ამ „სტენდების" განთავსების სანაცვლოდ, მცირე ბიზნესისთვის, სოლიდურ თანხას იღებენ. 

კანონის კიდევ ერთი კაბალური რეგულაცია არის გზისპირა ჯიხურებიდან თამბაქოს რეალიზაციის აკრძალვა. აღნიშნული ჯიხურების რეალიზაციის 90 % სწორედ თამბაქოს ნაწარმზე მოდის, შესაბამისად ამ რეგულაციის ამოქმედების შემდეგ აღნიშნული ჯიხურები დახურვისთვის არიან განწირულები. 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ რეგულაციებს ეკონომიკისთვის წმინდა ფისკალური ზიანის გარდა მრავალი ადამიანის უმუშევრად დატოვება მოჰყვება. კანონის ამოქმედების შემდეგ ასევე დახურვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან ჩილიმ ბარები, რომელთა რაოდენობაც გვეყანაში გაცილებით მეტია ვიდრე ე.წ. სიგარა ბარების. 

შესაბამისად გაუგებარია კანონში შეტანილი ცვლილება რომლის მიხედვითაც სიგარა ბარებისთვის დაშვებულ იქნა გამონაკლისი, ხოლო ჩილიმ ბარები გაიწირნენ, პრაქტიკულად გარდაუვალი გაკოტრებისთვის. 

პ.ს. ცალკე საკითხია აღსრულების მექანიზმები, რამდენად შეძლებს სახელმწიფო რესურსების უცვლელობის პირობებში, კანონმდებლობით ნაკისრი რეგულაციების აღსრულებას".