„ეს არის ახალმოგონილი სიცრუე, ინტიმური ვიდეომასალა არ არსებობს. ადვოკატმა ხელოვნურად დაამახინჯა“
14:02:07     19-05-2017
ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის, ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, ბრალდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ადვოკატებმა იცრუეს, როდესაც განაცხადეს, რომ დეკანოზს ინტიმური ვიდეომასალის გამოქვეყნებით აშანტაჟებენ.
„უკვე მერამდენედ, ადვოკატების მხრიდან ჩვენი შუამდგომლობების დამახინჯება ხდება და ისინი სიცრუეს ტირაჟირებენ. ეს არის ახალმოგონილი სიცრუე და ინტიმური ვიდეომასალა არ არსებობს. ეს ადვოკატმა ხელოვნურად დაამახინჯა“, - განაცხადა პროკურორმა ადვოკატ გიორგი ფანცულაიას გამოსვლის პასუხად, რომელმაც ბრალდების მხარე პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალით დაშანტაჟებაში დაადანაშაულა. დღევანდელ პროცესზე პროკურორმა განაცხადა, რომ საქმეში დევს მასალები, რომლებიც შეიცავს პირადი ცხოვრების, მათ შორის მესამე პირების ინტიმური ცხოვრების დეტალებს.
პროკურორმა ასევე უპასუხა კითხვას დეკანოზის დაკავებასთან დაკავშირებითაც.
„მისი დაკავება და პირადი ჩხრეკა მოხდა კანონიერად და შენიშვნა მას არ ჰქონდა. ეს ნახა მოსამართლემაც. ბრალდებული ყოველ სხდომაზე ახალ ინფორმაციას იგონებს და ეს მისი სტრატეგიაა, რომ ეჭვქვეშ დააყენოს ჩვენი მტკიცებულებები“, - განაცხადა პროკურორმა.
მოსამართლე მოსაფიქრებლადაა გასული, რათა საქმის დახურვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოიტანოს. საქმის დახურვას ბრალდების მხარე ითხოვს.