“ევროვიზია”, 25 მილიონ ევროდ

  11:19:36     26-04-2011

"ევროვიზია 2011” გერმანიას 25 მილიონი ევრო დაუჯდება. ამის შესახებ “დოიჩე ველე"” იტყობინება. კონკურსის მიმდინარეობას ევროპის სამაუწყებლო კავშირი, დუსელდორფის ხელისუფლება და საზოგადოებრივი ტელერადიო კომპანია დააფინანსებენ.

ამ უკანასკნელს 12 მილიონის გაღება მოუწევს, დუსელდორფმა სიმღერის კონკურსისთვის 7,8 მილიონი ევრო ქალაქის ბიუჯეტიდან გამოყო, დანარჩენს ევროპის სამაუწყებლო კავშირი გაიღებს.

დაახლოებით იგივე თანხა დაჯდა შარშანდელი კონკურსი ნორვეგიაში, 2009 წელს, მოსკოვში კი 40 მილიონი დოლარი დაიხარჯა. “ევროვიზია-2009,” 1956 წლიდან დღემდე, ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ კონკურსად აღიარეს.

“ევროვიზია-2011”-ს 50 ქვეყანაში გადასცემენ, კონკურსის საერთო აუდიტორია 125 მილიონ ადამიანს შეადგენს. გასულ წელს, ოსლოში პირველი ადგილი ლენა-მაიერ ლანდრუტმა დაიკავა. როგორც ცნობილია, ევროვიზიის წესების თანახმად, კონკურსი გასული წლის გამარჯვებულის სამშობლოში იმართება.