გიორგი ფანცულაია: „დაცვის მხარე ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სხდომა იყოს საჯარო"

  11:57:48     05-05-2017

ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული მამა გიორგი მამალაძის ადვოკატები, დღევანდელ სხდომაზე დეკანოზისთვის აღკვეთი ღონისძიების შეცვლას და მკვლელობის მომზადების ნაწილში  საქმის შეწყვეტას მოითხოვენ.

დაცვის მხარის განცხადებით, დღეს წინასასამართლო სხდომაზე რამდენიმე შუამდგომლობა დადგება, მათ შორის იქნება მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობაც.

ადვოკატ გიორგი ფანცულაიას თქმით, ბრალდებული დეკანოზი დღევანდელი სასამართლო სხდომის საჯაროობას ითხოვს.

„ეს შეეხება როგორც გარკვეული მტკიცებულებების დაუშვებლობას, ასევე აღკვეთი ღონისძიების შეცვლას და ასევე მკვლელობის მომზადების ნაწილში საქმის შეწყვეტის შუამდგომლობას. დაცვის მხარე ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სხდომა იყოს საჯარო, თუნდაც იმიტომ, რომ სასამართლომ საზოგადოებასთან ჩააბაროს საკუთარი ტესტი და საზოგადოებამ მხარეებისგან არ მიიღოს ინფორმაცია, მიიღოს ობიექტურად და უშუალოდ. ამისათვის აუცილებელია სასამართლო იყოს საჯარო,“ - აცხადებს გიორგი ფანცულაია.